საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით, ქალაქთმშენებლობითი გეგმები შემუშავდება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერ–სახის შენარჩუნება–გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება.
დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველსაყოფად, 23 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2020 წლის 27 იანვარს დასრულდება. ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის ვადაში.
სამინისტორს ცნობით, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 2 თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოთა პირველივე ფაზაში, გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად, დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები.
“ქალაქთმშენებლობითი გეგმები, ერთის მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს მის განვითარებას.
შესაბამისი უწყებები აწარმოებენ სამუშაოებს მინერალური წყლის საბადოს და კურორტის სანიტარიული დაცვის ზონების დასადგენად. მონაცემები გადაეცემა გამარჯვებულ კონკურსანტს ქალაქთმშენებლობით გეგმებში ამ მონაცემების გათვალისწინების მიზნით”, – განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.