თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ

913

სტატიის გაგრძელება

თელავის მუნიციპალიტეტში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის და ყოფილი პოლიტბიურის შენობაში მუზეუმის გახსნას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სოციალური კამპანია დაიწყო. თენგიზ სიმაშვილის განცხადებით, შეგროვილ ხელმოწერებს ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწვდის. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესებში სტუდენტები აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, იგი აქტიურად მართავს შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მან, დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იაწოდა ინფორმაცია თუ რა გავლენა იქონია საბჭოთა რეპრესიებმა თელავსა და თელაველებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენებაც.

,,თელავის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილმის  – ,,გიგოს გორა – თელავის გოლგოთა” ჩვენება. ფილმი გადაღებულია საბჭოთა რეპრესიებზე, რომელიც რეპრესირებული თელაველების ისტორიას ეხება. ფილმმა დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში. როცა ფილმის პრემიერა იყო, თელაველების მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ გიგოს გორაზე, სადაც საბჭოთა რეჟიმი ხალხს ხვრეტდა, შეიქმნას რეპრესირებულთა მემორიალური პარკი. ფილმის ,,გიგოს გორა – თელავის გოლგოთა” კონსულტანტი და იდეის ავტორი მე გახლავართ, ხოლო რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილი,”– განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.

სიმაშვილისვე განცხადებით, ამ დროისთვის ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა რომელსაც უახლოეს პერიოდში თელავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს.