გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მორალური ზიანის მიყენებაში დამნაშავედ არ სცნეს.
აღნიშნული საქმე გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა დღეს კი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.
ცნობისთვის მანამდე მანველიშვილს სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.