გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსს თეიმურაზ მანველიშვილს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს. გორის რაიონულ სასამართლოში თემურ მანველიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო მანველიშვილი თავდებობას ითხოვდა.
“ეკა სუხიშვილი, რამაზ შიოშვილი და იასონ დეკანოსიძე პირად თავდებში უდგებიან” – განცხადა ადვოკატმა. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეკა სუხიშვილი გორის მერის მოადგილეა, რამაზ შიოშვილი – კულტურის სამსახურის უფროსი, ხოლო იასონ დეკანოსიძე – გორის მერის ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენელი.
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.