ამინდის იმედად დარჩენილი ზამთრის კურორტები – სეზონის გახსნა გადაიდო

998

ბაკურიანსა და გუდაურში 10-15 დეკემბერს დაანონსებული სეზონის გახსნა,  თბილი ამინდების გამო,სავარაუდოდ, ერთი კვირით  გადაიდო. ამჟამად, მთის კურორტები ტურისტებს ვერ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩართულია, თბილი ამინდის გამო სათხილამურო  ტრასა არ იყინება.  ზამთრის კურორტი ბუნებრივი თოვლის იმედადაა დარჩენილი. ამის შესახებ კომერსანტი წერს. 

მიუხედავად იმისა, რომ მთის კურორტი ინფრასტრუქტურულად მზადაა დამსვენებლებს უმასპინძლოს, სეზონის გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიწევს. თუმცა, სეზონის გახსნის შემდეგ კურორტი ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება.  ახალი საბაგიროები  გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დიდველზე კი 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა,რომელიც ერთ საათში,  დაახლოებით  350-400 კაცით მეტს გაატარებს და რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

„ბაკურიანს ბოლო წლებია თოვლის პრობლემა აქვს, ხელოვნური გათოვლიანების პროგრამა, რომ არ ჰქონდეს  კურორტს, პრაქტიკულად ვერ მოვახერხებდით ტურისტების მიღებას, როგორც სათხილამურო კურორტი. ხელოვნური გათოვლიანების პროგრამა საკამოდ კარგად მუშაობს, როგორც  ვიცი გუშინაც  ჩართული იყო  სასრიალო ტრასა, თუმცა იმის გამო რომ ყინვა არ არის, ვერ ნარჩუნდება ტემპერატურა.“-აცხადებს სასტუმრო „primehouse”-ს მეპატრონე გიორგი გორჯოლაძე.

ანალოგიური მდგომარეობაა, გუდაურშიც, კურორტზე თბილი ამინდების გამო სეზონის გახსნა გადაიდო და სასტუმროები დამსვენებლებისგან თითქმის ცარიელია. გათოვლიანების მეორე ფაზა კურორტ გუდაურში იტალიურმა კომპანია „ტექნო ალპინიმა“ დაიწყო და 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე შევა ექსპლუატაციაში.

ბაკურიანსა და გუდაურში  სეზონის გახსნის გადადებას „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა იაშაღაშვილი თბილ ამინდს უკავშირებს, რის გამოც ვერ ხერხდება სათილამურო ტრასის გაყინვა.

„ხელოვნური დათოვლიანების პროექტი ჩვეულებრივად მუშაობს,  ახლაც ჩართულია ტრასა, თუმცა, ამინდის პრობლემაა. წუხელ ჩართული იყო სათხილამურო ტრასა, თუმცა პლიუს გრადუსზე ის ტემპერატურა არ ნარჩუნდება რაც საჭიროა  გაყინვისთვის. ბაკურიანსა და გუდაურში სეზონის გახსნა  15 დეკემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა, უამინდობის გამო გადაიდო. ყველანი ერთად ველოდებით თოვლს და იმ ტემპერატურას, რომელიც მოედნის ამუშავების საშუალებას მოგვცემს. მაგალითად, გუდაური არის ალპური ზონა და იქ სასრიალოდ ჩადიან ტურისტები, ამ ეტაპზე კი კურორტი ვერ იღებს ტურისტებს.  არანაირი სხვა პრობლემა მთის კურორტებს არ აქვს, გარდა ბუნებრივი პირობებისა, რაშიც ამინდმა უნდა შეგვიწყოს ხელი.“-ამბობს  მთის კურორტების განვითარების  სამსახურის უფროსი  თამთა იაშაღაშვილი.

გუდაურსა და ბაკურიანში  ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა 2014 წელს დაიწყო. ხელოვნური გათოვლიანების მიზანია, საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება მხოლოდ ბუნებრივ ამინდზე არ იყოს დამოკიდებული.