შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის ანალიზი

953

წინამდებარე ანგარიშის  ამოცანაა  საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე  შევაფასოთ შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე, გამოვავლინოთ შშმ პირებთან დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისა და პროგრამების  ხარვეზები, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობები და შევთავაზოთ კონკრეტული რეკომენდაციები, – ნათქვამია ღია საზოგადოების ფონდის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ბუნებრივია, ცენტრალურ დონეზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ კონტექსტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადგილობრივ დონეზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა  ამ გავლენების დეტალური ანალიზი სცილდება კვლევის ამოცანებს. აღნიშნული ანგარიშით, ჩვენ არ ვეხებით  ქვეყანაში ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის რესურსების განაწილებისა  და  დეცენტრალიზაციის იურიდიულ და ფინანსურ ასპექტებს და მის პერსპექტივებს.  ჩვენი მიზანია ამჟამინდელი ვითარების აღწერა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გაუმჯობესების შესაძლებლობების წარმოჩენა არსებული მარეგულირებელი და ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში.

პროექტის განხორციელების სამიზნედ შერჩეულ იქნა მოსახლეობის რაოდენობით თანაზომადი, მაგრამ გეოგრაფიულად დაშორებული 2 მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში (თელავი და გურჯაანი) და ორი მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში (ოზურგეთი და ხელვაჩაური).  ერთიც ეკონომიკურად შედარებით უფრო ძლიერი მუნიციპალიტეტი- ბათუმი. ვფიქრობთ,  ვიწრო შერჩევის  პირობებში, აღნიშნული  მუნიციპალიტეტების შესწავლა იძლევა საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე ზოგადი სურათის დანახვის შესაძლებლობას.

დოკუმენტი მოიცავს სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დაფინანსებული დახმარებების, მომსახურებების და პროგრამების აღწერას, მათ მოცულობას, შშმ პირთა  მოცვას, აღწერს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ჩართულობას, აანალიზებს მათ ეფექტიანობას და გაუმჯობესების შესაძლებლობებს. აღნიშნულის საფუძველზე  გაკეთებულია დასკვნები და შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები.

დოკუმენტზე მუშაობის პროცესში განხორციელდა შესაბამისი მარეგულირებელი აქტებისა და დოკუმენტების შესწავლა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებული იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნის შესახებ ოფიციალური მიმართვების საფუძველზე. ინფორმაციების მოწოდების პროცესი იყო საკმაოდ ღია და  მოთხოვნილი ინფორმაციები ძირითადად მოწოდებულ იქნა დროულად. ინფორმაციების ნაწილი  მოპოვებული იქნა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაციები მწირია, ხშირ შემთხვევაში მოძველებული, არ არის მოქალაქეებისათვის გამოყენებადი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ვებ-გვერდების არსებობას მეტწილად ფორმალური ვალდებულებითი ხასიათი აქვს.  გამონაკლისია ქ. ბათუმის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტად ინფორმატიულია.

გარდა აღნიშნულისა, ინფორმაციის მიღების მიზნით, თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართა ორი შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერების, მათი მოადგილეების და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურების დონეზე. ასევე, გაიმართა ცალკე შეხვედრები ადგილობრივი შშმ საბჭოების წევრებთან თელავსა და გურჯაანში. შეხვედრების მიზანი იყო ანგარიშის მომზადების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ობიექტური და მაქსიმალური ინფორმაციების მოპოვება და საბოლოოდ, საფუძვლიანი და გამოყენებადი რეკომენდაციების შემუშავება. აღსანიშნავია ხუთივე მუნიციპალიტეტში ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დაინტერესების მაღალი ხარისხი, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  თემის მიერ”, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში, ანგარიშზე მუშაობისას განხორციელდა:

  • დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიება-შესწავლა-საკანონმდებლო, სტატისტიკური, ფინანსური და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის ფორმით გამოთხოვა, თავმოყრა, შესწავლა და ანალიზი;
  • ანკეტირება – განისაზღვრა მიზნობრივ რესპოდენტთა ჯგუფი. დადგინდა რა ინფორმაციის მიღება იყო საჭირო, შეირჩა კითხვები, მათი კომუნიკაციის ფორმები და რიგითობა;
  • ინტერვიურება – ადგილზე ვიზიტები კონკრეტული პირების ინტერვიუირებისა და საჭირო ინფორმაციის მისაღებად;
  • ანალიზი და დოკუმენტის შემუშავება- მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდა მიზნების შესაბამისად, წინასწარ მომზადებული მოდელური ანალიზის ფორმის მიხედვით და  დასკვნების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები.

იხილეთ კვლევა სრულად