ახალგორის დეფაქტო ხელმძღვანელს სურს, რომ ეთნიკური ქართველების ბინების კონფისკაცია მოხდეს

874

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორში (ლენინგორი) განიხილავენ დეფაქტო ხელმძღვანელის, ვიტალი მამიტოვის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, ბინებს ჩამოართმევენ იმ მფლობელებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

საქმე ეხება ახალგორში მდებარე სამ კორპუსში არსებულ ბინებს, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ცარიელია.

აღნიშნულის შესახებ ცხინვალში საგანგებო ბრიფინგი დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა. ბრიფინგს ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი უძღვებოდა.

ბრიფინგზე მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საბინაო პრობლემები:

”ჩვენ ვსაუბრობთ სამ კორპუსზე, სადაც 60 ბინაა, სამომავლოდ დაგეგმილია მათი განაწილება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე”- თქვა მამიტოვმა.

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარა მეარაყიშვილის განცხადებით, ეს განცხადება სიახლე იყო:

“როგორც ოფიციალურმა პირმა მითხრა, რაიონის გამგებელმა მათ არაფერი უამბო ბინების განაწილების შესახებ, არ მისცა მითითებები, რომ გაერკვია, რამდენი ბინაა ცარიელი, ვინ არიან მათი მფლობელები. მათ ამის შესახებ პირველად მედიისგან გაიგეს, ამიტომ, რაიონის გამგეობის თანამშრომლების თქმით, მამიტოვი ან გამოვიდა ამ მოსაზრებით პრესკონფერენციამდე, ან მას ასეთი ბრძანება მისცეს ცხინვალში,” – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

ეს იდეა მამიტოვს ალბათ მაშინ გაუჩნდა, როდესაც თავის პროტეჟესთვის ბიზნემენ იაგო ჩოჩელის სახლის კარი გააღო და დააბინავა. ბინა საკმაოდ მოწესრიგებული და გარემონტებულია.

დაბაში 8 კორპუსია, აქედან 3 კოოპერატიული, ე.ი. აშენებულია აქციონერების ფულით. საბჭოთა პერიოდში კიდევ ხუთ კორპუსში განაწილდა ბინები.

მეარაყიშვილის თქმით, ათი ან თორმეტი ბინა ცარიელია. დანარჩენი 2008 წლის შემდეგ გაიყიდა, ან მათში ცხოვრობენ ქირით. ამავდროულად, 2008 წლიდან, არც ერთი შესყიდვა არ განხორციელებულა. ყველა თბილისში წავიდა. მამიტოვის სიტყვები ნიშნავს რომ ამ ხალხისგან უძრავი ქონების წაღება სურთ.

ამასთან, უცნობია რას ნიშნავს “ცარიელი ბინა”. არ არსებობს ასეთი ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების სტატუსს. და ის ფაქტი, რომ ამჟამად არავინ არის ბინაში, არ ნიშნავს რომ მის მფლობელს ჩამოერთვას საკუთრების უფლება.

“ეხო კავკაზა” წერს, რომ 2010 წლის დეკემბერში, დეფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხრეთ ოსეთის ლენინგორის (ახალგორის) რეგიონში სადავო საცხოვრებლის საკითხების გადასაჭრელად, ასევე, “რესპუბლიკის” მოქალაქეების (იძულებით გადაადგილებულ პირთა) დაბრუნების პრობლემის გადასაჭრელად.

განკარგულების მოტივაცია ასეთი იყო: 90-იან წლებში ზვიადისტებმა დაიკავეს ოსების სახლები ან აიძულეს მფლობელებს ნომინალური ფასად გაეყიდათ.

ახლა ეს გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი. განკარგულების შემდეგ, ჩატარდა სასამართლოები, სადაც წინა მფლობელებმა განაცხადეს, რომ იძულებული იყვნენ გაეყიდათ სახლები და დიაბრუნეს ქონება. ასევე მოხდა ისე, რომ პატიოსანი გარიგებებიც გაუქმდა, მაგრამ ეს უკვე ამბავია სამართალდამცავი პრაქტიკის არასრულყოფილების შესახებ და არა პრეზიდენტის ბრძანებულების შედეგი.

ახლა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს ამ განკარგულების გამოყენება ე.წ. ცარიელ ბინებზე.

“ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი წერს, რომ სოფელ წინაგარის ზონიდან ახალგორში (ლენინგორი) შრომითი მიგრაცია გაიზარდა და შესაბამისად, ბინების დეფიციტი შეიქმნა.