2020 წლის 1 იანვრიდან სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი – ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება.
“GWP-ს” ინფორმაციით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.
“სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმრებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება:
ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით – თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. მაგალითად აბონენტმა (საოჯახო სასტუმრომ) მოიხმარა პირობითად 30მ3 წყალი, 25მ3-ზე გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო 5მ3-ზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით – ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.