ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეთა ნაწილისთვის უფასო იქნება

581

სტატიის გაგრძელება

ა(ა)იპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა მოამზადა პროექტი, რომელიც განსაზღვრავს, მოქალაქეებისთვის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის ღირებულებას. პროექტი ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ საკრებულოს წარუდგინა, სადაც დეპუტატები ააიპ-ების ხელმძღვანელი პირებისგან წლის შემაჯამებელ ანგარიშებს ეტაპობრივად ისმენენ.

პროექტის მიხედვით, განსხვავებული ფასები იქნება საქართველოს და უცხო ქვეყნის მოაქალაქეებისთვის. შეღავათებია დაწესებული მოქალაქეთა ნაწილისთვის.

კერძოდ, პროექტის თანახმად: სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, 10 წლამდე ბავშვებისთვის და პენსიონრებისთვის შესვლა უფასო იქნება.

10 წელზე ზევით მოზარდებისთვის და აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 1 ლარი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთჯერადი შესვლის ფასი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება, წლიური შემოსავალი კი საშუალოდ 200 ათასი ლარია ნავარაუდევი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბაღის დათვალიერებას 5 ლარად შეძლებენ, ადმინისტრაცია კი წლიურად ამ მომსახურებისგან 100 ათსი ლარის შემოსავალს ვარაუდობს.

1 თვიანი საოჯახო აბონომენტის ღირებულება 15 ლარი იქნება. (სვარაუდო შემოსავალი 7500 ლარი). ოჯახისთვის 3 თვიანი საშვი 30 ლარი ეღირება. (წლიური შემოსვალი კი 6 ათასი ლარია ნავარაუდევი).

1 თვიანი ინდივიდუალური საშვის ფასი 10 ლარი იქნება (სავარაუდო შემოსავალი 5 ათასი ლარი). 3 თვიანი ინდივიდუალური საშვის შეძენა 25 ლარად იქნება შესაძლებელი. (წლიური შემოსავალი ამ სერვისიდან 2 500 ლარია ნავარაუდევი).

როგორც ზვიად ქარჩავამ განაცხადა, მსურველები შეძლებენ ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მოწყობას. ეს მომსახურება პროექტის მიხედვით, 300 ლარი ეღირება. (დაახლოებით 30 ათასი ლარის შემოსავალს გულისხმობს).

როგორც ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა „ლაივპრესს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღის გადაბარების სამუშაოები. კერძოდ, „მშენებელი კომპანია აბარებს ობიექტს დამკვეთს“. ზუსტად რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, ზვიად ქარჩავას უჭირს თქმა, თუმცა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე განახლებული ბაღი გაიხსნება და შეძლებს ვიზიტორების მიღებას.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობს. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დაირგო, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.