ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

762

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე. ამაზე დეტალურად საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. აქ, დასკვნის სახით, ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს”- წერია ომბუდსმენის შემაჯამებელ განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„შეკრების, მათ შორის სპონტანური აქციების მიზეზი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვა იყო, მაგალითად უსაფრთხო გარემოში შრომის, ჰესების მშენებლობის და სხვა თემები. არაერთ შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებისა და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ დაორგანიზებულ მსვლელობებს და აქციებს , რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებიც ახლდა თან”-აცადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებიც, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის”-აცახდებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი წლის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე.

„აღნიშნული ტიპის შეკრებებისგან განსხვავებული იყო სახელმწიფოს რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებთან მიმართებით. ამ კუთხით, საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს”- ნათქვამია შემაჯამებელ განცახდებაში.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ახალგორში გამშვები პუნქტის სექტემბრიდან ჩაკეტვამ, შესაბამისად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. მიმოსვლის შეზღუდვა იმდენად მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქმნება ჰუმანიტარული კატასტროფის რეალური საფრთხე.

შემაშფოთებელია ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავების პრაქტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით საგანგაშოა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

კვლავ მწვავედ დგას ავარიულ შენობებში (ე.წ. ნგრევად ობიექტებში) დევნილთა ცხოვრების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი დანგრევის პირას მყოფ ობიექტში კვლავ რჩებიან დევნილები. შესაბამისად, აუცილებელია უმოკლეს დროში მოხდეს ასეთ შენობაში მცხოვრებ დევნილთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა”-აცხადებეს ომბუდსმენი.

განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.