ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ბოლოს სამ თვეში, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოსახლეობა აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენში მცხოვრები ქეთი ქიმაძე ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზას ყოველდღიურად გადის, ამბობს, რომ სოფელ ფარეხასთან გზა განსაკუთრებით საშიშია, რადგან აქ მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ.
„ვფიქრობ, რომ კამერების დაყენებით ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება. ეს გზა არის ძალიან საშიში, არავინ იცი ხვალ ვინ იქნება გადაჭარებებული სიჩქარის მსხვერპლი“, – ამბობს ქეთი.
„კიდევ რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ამ ადგილს, ბარიერები ან ვიდეო კამერები უნდა გაკეთდეს. არ ვიცი ვის უნდა მივმართოთ, მაგრამ მიკვირს მიმართვის გარეშეც რატომ არ აქვთ რეაგირება?!“- ამბობს ახალციხეში მცხოვრები თეა გავაშელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, ე.წ ჭკვიანი კამერების დასამონტაჟებლად აუცილებელია მოსახლეობამ მერიას მიმართოს.
„თუ მოსახლეობა კონკრეტულ ადგილზე ითხოვს ჭკვიანი კამერების დაყენებას, პირველ რიგში უნდა მიმართოს მერიას, შემდეგ ჩვენ გვიკავშირდება მერია და შესაბამის ზომებს ვიღებთ. ამ ეტაპზე არ შემოსულა ჩვენთან მსგავსი ტიპის მიმართვა“- გვითხრეს შსს-ში.
მოსახლეობის მოთხვნის შემდეგ გეგმავს რეაგირებას, ახლციხის მუნიციპალიტეტის მერიაც.
„მსგავსი სახის მოთხოვნა არ შემოსულა. თუ შემოვა შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ“, – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთერთობს სამსახურის უფროსი, ია გოგატიშვილი.
კამერების დამონტაჟების მოთხოვნით ქეთი ქიმაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„რათ უნდა ამას ხელმოწერები, აქამდეც უნდა მოეფიქრებინათ! მომხრე ვარ ვიდეო კონტროლის! თვითონ პოლიცია არ ფიქრობს?!“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ფარეხის გზაზე 28 ოქტომბერს ერთმანეთს სატვირთო მანქანა და „მერსედესი“ შეეჯახა, შემთხვევის შედეგად და–ძმა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი მძიმედ დაშავდა.
მეორე შემთხვევა, ამავე გზაზე ორ დეკემბერს მოხდა, დიდი სისწრაფით მოძრავი „ლექსუსის“ მარკის მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა, შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა აქედან ორი ადგილზე, მესამე კი მოგვიანებით საავადმყოფოში.