“ახალი საქართველო”: მუნიციპალიტეტებში გარკვეულ ტენდერებს მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ

717

“ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა, მუნიციპალიტეტებში შესაძლო კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა შემთხვევა იმის შესახებ, რომ გარკვეულ ტენდერებს, რომელიც მაღალბიუჯეტიანია მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ. ინფორმაციას გაერთიანებულ ოპოზიციაშ შემავალი პარტიის, “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის პარტიაში ფიქრობენ, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ეხება, რის გამოც ისინი აუდიტის სამსახურს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მიმართავენ, წინააღდეგ შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავენ.

„მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნები დროს არ კარგავენ და შეძლებისდაგვარად ანიავებენ საბიუჯეტო სახსრებს. საუბარია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ მრავალათასიან ხელშეკრულებებზე. მუნიციპალიტეტების მერები ყოველგვარი ტენდერების და შეჯიბრებითობის პრინციპის გვერდის ავლით, პირდაპირ უფორმებენ შპს-ებს ან კერძო პირებს მრავალათასიან ხელშეკრულებებს. ხელშეკრულების საგანი ძირითადად გახლავთ სოფლებში გზების დაგება ან სკოლების ეზოების შემორაგვა. მოგეხსენებათ, რომ გამარტივებული შესყიდვა (ეპმ) გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ფორსმაჟორი. ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იგებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ხდება მასობრივად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. სურათის უკეთ აღსაქმელად მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ხონში შპს ჯ და ჯ-ს დაუდეს 55,900 ლარის ხელშეკრულება, ასევე, როსტომ ჩანქსელიანს 34,995 ლარის კონტრაქტი, შპს ხვამლი -XXI- 96 ათას 555 ლარი და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე სულ მცირე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან გვაქვს. დიდი დაფიქრება არ უნდა, რომ საქმე გვაქვს ძალიან პრობლემურ საკითხთან, ე.წ ,,ატკატებთან“ და ამ მრავალათასიანი, ჯამში მილიონიანი კონტრაქტების უკან, დიდი ალბათობით კორუფციული გარიგებები დგას. შესაბამისად, მივმართავთ აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რამდენად იყო აუცილებლობა ერთ პირთან მოლაპარაკებით ამ სამუშაოების შესრულების, რა ფორსმაჟორთან გვქონდა საქმე. აუდიტის დასკვნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ საქართველოს პროკურატურას“- აცხადებს „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა შამათავა.