გორის მერიაში 10-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის გაცდენების გამო საყვედურები გამოუცხადეს. ნაწილმა ,,გაფრთხილების“ წერილი მიიღო, ნაწილი კი, უფრო მძიმე კატეგორიის გადაცდომაში იქნა მხილებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
თანამშრომლები ჩივიან, რომ გორის მერის ბრძანებები უსაფუძვლოა. ერთ-ერთმა ქალბატონმა სასამართლო პროცესი დღეს მოიგო.
ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ქალბატონის საქმეზე სასამართლომ მერის ორი ბრძანება გააუქმა:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დილით იმყოფებოდა ექიმთან და სამსახურში დროულად ვერ გამოცხადდა, აცნობა კიდეც სამსახურის ხელმძღვანელს აღნიშნულის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ,,გაფრთხილება” მისცეს. ორი კვირის შემდეგ, ამავე სამსახურში, სხვა თანამშრომლებსაც მისცეს გაფრთხილებები, რამაც პროტესტი გამოიწვია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაემართა გორის მერთან შესახვედრად, სადაც დახვდა გორის მერის მაშინდელი მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი. მათ შორის, მოხდა კამათი. ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს საყვედური გამოუცხადეს. ფაქტობრივად, საქმე მიდიოდა იქამდე, რომ მისი გათავისუფლება უნდოდათ,“ – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.
მერებაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელია. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ დღეს მოსამართლემ გორის მერის ბრძანებები გააუქმა.
მერის ინტერესებს სასამართლოში იურისტი გიორგი ბატონისაშვილი იცავს. მისი აზრით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა:
“საქმე იმაშია, რომ მერის თანამშრომელი სამსახურში ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა. სამსახურის ხელმძღვანელისგან ამის თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგინა შუადღეს 3 საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფო ფურცლის მოქმედება დილის 10 საათიდან არ იწყება. პირველი გაფრთხილება ამის გამო იქნა მიცემული. რაც შეეხება მეორე ბრძანებას საყვედურის შესახებ, აქაც, ანალოგიური ვითარება იყო. მერის თანამშრომელმა თვითნებურად მიატოვა სამსახური და წავიდა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გამკაცრებულია წესები და ნორმები, ამდენად, მისი მხრიდან ამგვარი ქმედების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელი იყო, მით უმეტეს, მათ დასაქმებაში ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება. რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, სხვების უმრავლესობაც, სწორედ, ამ მიზეზით იქნენ გაფრთხილებულნი“ – აცხადებს მერიის იურისტი გიორგი ბატონისაშვილი.
ბატონისაშვილი ფიქრობს, რომ გორის მოსამართლის გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტაციები გააუქმებენ:
,,პირველი გაფრთხილების შემთხვევაში მოსამართლემ განმარტა, რომ სამსახურის გაცდენისას მოსარჩელემ საქმის კურსში უშუალო ხელმძღვანელი ჩააყენა. ეს გარემოება მოსამართლემ სამსახურის ხელმძღვანელისგან თანხმობად ჩათვალა. არ იმსჯელა იმაზე, რომ უშუალო ხელმძღვანელმა უარი უთხრა მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნაზე. ამ პიროვნებამ თვითნებურად მიატოვა სამსახური,” – აღნიშნავს გიორგი ბატონისაშვილი.
რაც შეეხება მეორე ,,საყვედურს“, მოსამართლის პოზიცია ასეთია: იმის გამო, რომ საყვედური წარმოადგენს უფრო მძიმე გადაცდომას და გამომდინარეობს პირველი გაფრთხილებიდან, უნდა გაბათილდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირველი გადაწყვეტილება – გაფრთხილება გაუქმებულ იქნა, ავტომატურად, მეორე გადაწყვეტილებად უქმდება.
ამ შემთხვევაში მოსარჩელე ქალბატონის მიმართ გამოტანილი ,,გაფრთხილება“ გაუქმდა, შემდეგ, ავტომატურად გაუქმდა ,,საყვედურიც“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გორის მერია მოქმედებს კანონდარღვევით, რადგან სურდათ ამ კონკრეტული ქალბატონის დასჯა. მას უშუალო კონფლიქტი მერის მაშინდელ მოადგილესთან – ეკატერინე სუხიშვილთან მოუვიდა. იურისტის განმარტებით, ერთი თვის ვადაში ორი ,,გადაცდომის” შესახებ ბრძანების დაწერა არ შეიძლება, რადგან გასაჩივრების ვადა მოესპო ქალბატონს.
ეკა სუხიშვილი მსგავს ინციდენტს ვერ იხსენებს. ის ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა საკითხებში მრჩევლად მუშაობს:
,,თუ ამ ქალბატონის სახელი და გვარი არ მეცოდინება, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად ვიტყვი, რომ თუკი ადამიანი მერიაში მუშაობს, ასეთ საპატიო ადგილზეა და წარმოადგენს ამ სამსახურის სახეს, ვალდებულია დაიცვას დისციპლინა, წესრიგი. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და გაამართლა ის, მაშინ რა გამოდის? ყველამ ასე უნდა აცდინოს სამსახური? როგორც უნდა, ისე იაროს? სხვა ვერაფერს გეტყვით. მე მსგავსი ინციდენტი არ მახსენდება. კოტე თავზარაშვილი იმდენად ლოიალურია, რომ ეტყობა რაღაც ისეთი მოხდა, რომ ბატონი კოტე იძულებული გახდა მსგავსი ბრძანებები დაეწერა,“ – აცხადებს ეკა სუხიშვილი.