მთავრობა ბახმაროში 12 588 კვ.მ მიწის ფართობს 2 538 000 ლარად ყიდის

1141

მთავრობა ბახმაროში 12 588 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს სასტუმროს მოსაწყობად 2 538 000 ლარად ყიდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 35 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აამოქმედოს. ამასთან, სასტუმროს მოსაწყობად არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 15 ადამიანი დაასაქმოს არანაკლებ 2 წლის ვადით.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია 100 საპრივატიზებო ობიექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 15 მაისს შპს “ორბი ჯგუფი ბახმარო-ს” 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს. „ორბი ჯგუფმა“ ვალდებულება აიღო, რომ 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და კურორტზე მოაწყობს სასტუმროებს, კომერციული ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.