საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პირობა გაიცა და “ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება”. მისი თქმით, ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. ინფორმაცის იმედინიუსი ავრცელებს.
თქვა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ყველა პარტიას მისცემს წარმოაჩინოს საკუთარი თავი. “იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება”, – განაცხადა ვინტონმა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა.
ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. თბილისში პარლამენტის პიკეტირების გამო სამართალდამცველებმა აქცია ორჯერ დაშალეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
ამის პარალელურად განხილვები მიმდინარეობდა უმრავლესობაში. ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა უმრავლესობას სრულად მაჟორიტარული სისტემა შესთავაზეს, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა. 10-მდე მაჟორიტარმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს. ხუნდაძის თქმით, ეს ამერიკული მოდელია და ორპალატიან პარლამენტს გულისხმობს.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ.