გაეროს განვითარების პროგრამა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კლიმატის მწვანე ფონდისა და შვედეთის მთავრობის 4.5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოების განხორცილებას იწყებენ.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები განხორციელდება. 30 სექტემბერს, UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
UNDP-ისა და საქართველოს გზების დეპარტამენტის შეთანხმების ფარგლებში, წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები, რომელთა მთლიანი ღირებულება 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მდინარეებზე აჭყვა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ლაგოდეხისხევი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ცივი (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ცხენისწყალი (აბაშის მუნიციპალიტეტი) განხორციელდება.
ამ უბნებზე მდინარეების კალაპოტები გაიწმინდება, ნაპირები გამაგრდება და სხვადასხვა სახის ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, წყალდიდობისგან დამცავი ბარიერები აშენდება. შედეგად, 24,000 ადგილობრივი მაცხოვრებელი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობებისგან, რომელთა საფრთხე ამ რეგიონებში განსაკუთრებით მაღალია.
წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოების განხორციელება კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში იგეგმება (ახმეტა, გორი, თელავი, სამტრედია, სიღნაღი და ხობი).
„ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა პირველი და ყველაზე აუცილებელი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. ამის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, განვითარების ყველა სფეროში უფრო მდგრადი გადაწყვეტების შემუშავება და დანერგვა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.
„საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი კატასტროფების საფრთხის შემცველ რეგიონებში ცხოვრობს. ასეთი მოსახლეობის დაცვა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. წყალდიდობისგან დაცვის თანამედროვე სისტემის დანერგვის შედეგად, ექსტრემალური კლიმატური მოვლენები დამანგრეველ კატასტროფებად აღარ გადაიქცევა, ხოლო წყალდიდობასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება“, – აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
გასული 20 წლის მანძილზე, წყალდიდობამ და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა სხვა კატასტროფებმა საქართველო 1.2 მილიარდი აშშ დოლარით აზარალა. მომდევნო 10 წლის მანძილზე, ეკონომიკური დანაკარგები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და 12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს. ძლიერი წყალდიდობით მიყენებული ზარალი საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 190 მილიონი აშშ დოლარი უჯდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კატასტროფებზე რეაგირების ნაცვლად (უკვე მომხდარი კატასტროფით მიყენებული ზარალის შეფასება, კომპენსაცია და შემდგომი აღდგენა) პრევენციულ ზომებს გაატარებს და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებს შეამცირებს.
სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამა, რომელსაც UNDP კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. ამ ფართომასშტაბიანი ინიციატივის მიზანია კატასტროფების რისკის შემცირება, საქართველოს 11 მდინარის აუზებში მცხოვრები მოსახლეობის დაცვა და ეკონომიკური დანაკარგების 90 პროცენტით შემცირება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.