გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 11 თვეში 2 765-ით შემცირდა, – რადიო მოზაიკა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
2019 წლის იანვრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში დახმარებას 20 009 იღებდა, ნოემბრის მონაცემებით კი – 17 244.
კლების ტენდენცია თვალში საცემი ივნისის თვის შემდეგ გახდა. მაისის ჩათვლით, პირიქით, ზრდის ტენდენცია იყო. იანვრის შემდეგ, მაისის მონაცემებით, სოციალური დახმარება 630 ადამიანით მეტმა აიღო.
ინფორმაციისთვის, მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.