საქართველოს მუნიციპალიტეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების პროექტში ერთვებიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიწყო.
27-28 ნოემბერს, პროექტის წარდგენისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა.
უწყების ცნობით, ორდღიან საინფორმაციო შეხვედრას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გახსნა და პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმაც მიმართა, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციას გაუსვა ხაზი და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობას საქართველოში. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.
მათ საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებზეც ისაუბრეს და ამ საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საქმეში. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას.