თბილისის მერია EBRD-თან თანამშრომლობით და მის მიერ გაცემული გრანტით ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამისათვის შეირჩა კონსორციუმი, რომელიც გერმანულ და ბერძნულ საკონსულტაციო კომპანიებს აერთიანებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნული კონსორციუმი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შეირჩა. ტენდერში მონაწილეთა ტექნიკური და ფინანსური წინადადებები შეფასების კომისიის მიერ შეირჩა და EBRD-ისგან მიღებული თანხმობით გამოვლინდა გამარჯვებული.
შერჩეულ კომპანიასთან მოლაპარაკებები EBRD-ის წესების შესაბამისად წარმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და თავად EBRD-ის მიერ მოწოდებული საკონსულტაციო ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ მოლაპარაკებების დასრულება იყო EBRD-ის მხრიდან საგრანტო ხელშეკრულების გამოცემის წინაპირობა, რომელიც უკვე დაამტკიცა თბილისის საკრებულომ. ხელშეკრულებით განსაზღვრული საგრანტო თანხაა 490 390 ევრო. “, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიამ უკვე დაიწყო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ევროპულ გამოცდილებას დაეყრდნობა, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.
„რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებულს სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, არსებულ საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გაკეთდება ნარჩენების რაოდენობის შესაძლო ზრდისა და ნარჩენების შემადგენლობის შესაძლო ცვლილების პროგნოზი.
სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება სამოქმედო გეგმა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისათვის;
2019 წლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა არის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ ეტაპზე, ქალაქში მიმდინარეობს სეპარირებული სტენდების სხვადასხვა ადგილზე განთავსება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, სეპარირებული შეგროვების სიტემაზე ეტაპობრივი გადასვლის ხელშეწყობას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქალაქს ჰქონდეს გააზრებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისში წარმოქმნილი ნარჩენების სხვადასხვა მიზნით გადამუშავებას. სწორედ ასეთი ტიპის გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს აღნიშნული სტრატეგია.
საკონსულტაციო კომპანია ასევე განსაზღვრავს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
სტრატეგიის ფარგლებში ასევე შემუშავდება ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები, რომლის მიზანია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესება.
ასევე, შემუშავდება ნარჩენების მოსაკრებლის განაკვეთის გამოთვლის მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღებას, მეორე მხრივ, წაახალისებს საზოგადოების გარემოსადმი მეგობრულ ქცევას, რათა მაქსიმალურად შეამციროს წარმოქმნილი ნარჩენები.
არის კიდევ სხვა, მთელი რიგი საკითხები, რომელიც შევა სტრატეგიაში და ამით ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ გადავა ნარჩენების მართვის ახალ, ეფექტიან სისტემაზე, რომელიც დაიცავს ჩვენს გარემოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.