თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

1071

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება. ელექტრონულად დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.

როგორც ცნობილია, საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 7 ივლისს დაიწყო, რომლის დროსაც დარეგისტრირდნენ შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები);
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი, 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდებიან სწორედ იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია : 032 2-37-82-43