დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე ხელშეკრულება გაფორმდა

1113

წინა სტატია

ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე დაბა სურამში დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმეტს ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და ორგანიზაცია „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ მოაწერეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული კომპანია სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს შეიმუშავებს, რაც სურამის ეფექტიანად განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, “ურბანიკა”  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას მოამზადებს.

განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია – საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის – არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.

სამინისტროს ცნობით, ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.