გორის ქუჩები საახალწლოდ ახალი განათებებით მოირთვება, რისთვისაც გორის მერია 100 000 ლარამდე თანხას დახარჯავს. როგორც უწყებაში ამბობენ, სადღესასწაულო მორთულობები, იმ ქუჩებზეც განთავსდება, სადაც წინა წლებში ვერ მოხერხდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“საახალწლოდ გორის ქუჩების განათებისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება. იქნება ახალი ილუმინაციები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავტვირთოთ ის ქუჩები, რომლებიც წინა წლებში და არც გასულ წელს არ განათებულა. ქალაქის ცენტრში ისევ ძველი ნაძვის ხე დაიდგმება. შარშან მისთვისაც ვიყიდეთ, შევიძინეთ ახალი განათებები. წელს კი გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი ქუჩის მორთულობებზე გაგვეკეთებინა”, – განაცხადეს გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, გორის მერია 180 მანათობელ დიოდური მილს, ე.წ. ლოლოს, 50 მანათობელ ვარსკვლავს, 2 ირმებიან მარხილსა და სხვა გასანათებელ მოწყობილობებს შეიძენს. განათებების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ “დანდი” გაიმარჯვა. სატენდერო პირობების მიხედვით განათებების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. გორის მერიაში ამბობენ, რომ განათებების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.