სანიციატივო ჯგუფს, რომელიც ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციას ითხოვდა, კომისიამ უარი უთხრა.
უარის მიზეზი, ისევე, როგორც გორის შემთხვევაში, იგივეა – კენჭისყრის თარიღი გამოცხადებული ჯერ არ არის, შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე რეგისტრაციაში გაატაროსო.
თუმცა, ამჯერად, საინტერესო სწორედ ისაა, რომ თელავისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საინიციატივო ჯგუფებისათვის გაგზავნილი პასუხები იდენტურია და მხოლოდ პირველ აბზაცში, ე.წ. შესავალშია მცირედი განსხვავება.
თელავამდე, სწორედ გორის საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღეს საინიციატივო ჯგუფებმა წერილი, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე მათ რეგისტრაციაში ვერ გაატარებდა, რითაც, თელავის საოლქო კომისიის მსგავსად, “საარჩევნო კოდექსის” 141-ე მუხლი დაარღვია.
როგორც ჩანს, გარდა ერთიანი ინსტრუქციისა, გასაუქმებლად განწირულ თვითმმართველ ქალაქებში მოქმედ საოლქო საარჩევნო კომისიებს შაბლონებიც დაურიგეს, რომლითაც “აბეზარ” საინიციატივო ჯგუფებს პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავენ.
საარჩევნო ადმინისტრაციებს “საარჩევნო კოდექსის” დარღვევა საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გამო მოუწიათ, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება და თვითმმართველ თემთან ერთიანდება.
გარდა იმისა, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს ე.წ. რეფორმა გაუაზრებლად და მოუმზადებლად დაიწყო.
პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღის ოფიციალურად გამოცხადების დღეს ამოქმედდება. ანუ აგვისტოს ბოლომდე გაუქმებისთვის განწირული ქალაქები და სათემო მუნიციპალიტეტები კვლავ იმ ფორმით არსებობენ, როგორითაც 2014 წლის რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეს, “საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად, ამ ქალაქებისა და თემების ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო ოლქებში ნებისმიერ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს, მერობისა და გამგებლობის კანდიდატის წარსადგენად, რეგისტრაციის გავლა შეუძლია.
სწორედ კოდექსის მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგია და საოლქოებს რეგისტრაციისთვის მიმართეს. “ცხადია, ილუზია არ გვაქვს, რომ ქალაქების გაუქმების პროცესს ამით შევაჩერებთ. ჩვენ, უპირველესად, გვსურს, საზოგადოებას დავანახოთ, თუ რამდენად მოუმზადებლად, რამხელა ხარვეზებითა და კანონის დარღვევით მიჰყავს ხელისუფლებას ეს პროცესი,” – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
საარჩევნო ადმინისტრაციების დილემაც სწორედ ესაა – მათ ან უნდა დაარეგისტრირონ საინიციატივო ჯგუფები და კანდიდატები იმ ქალაქებსა და თემებში, რომლებიც თვენახევარში უქმდება, ან დაარღვიონ კანონი და ამ ადამიანებს საარჩევნო უფლება შეუზღუდონ, რაც არა მხოლოდ “საარჩევნო კოდექსის”, არამედ ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევაცაა.
გორისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ “ცენტრიდან” წასული ინსტრუქცია და იდენტური წერილები ადმინისტრაციებს კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას ავალებს.
ქალაქ გორისა და გორის თემში არსებულმა საინიციატივო ჯგუფებმა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაასაჩივრეს. მიჰყვება თუ არა ცესკო იმავე ინსტრუქციას, რაც საოლქოებმა აღასრულეს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. და, თუ დამკვიდრებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, ეს საქმეც საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს კედლებში გადაინაცვლებს.