აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთისგან მიღებული 68 354 ევროს გრანტი დროულად ვერ გამოიყენა, ამიტომ უკან დააბრუნებინეს. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტმა დამატებით 10 000 ლარიც იზარალა.
აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს საგრანტო შეთანხმების გაფორმებისას პოლონურმა მხარემ მოითხოვა, რომ შესაძლო პრობლემებზე მათთვის წინასწარ ეცნობებინათ, რაც გორის მუნიციპალიტეტმა არ გააკეთა. კერძოდ, გამგებელმა ისე მოაწერა შეთანხმებას ხელი, რომ არ ჰქონდა მთავრობის თანხმობა, რის გამოც პროცედურები დაგვიანებით დაიწყო. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ისე გამოაცხადა ტენდერი, რომ ვერ უზრუნველყო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. გამოვლენილი დარღვევების გამო ტენდერი შეწყდა.
აუდიტის ინფორმაციით, პოლონურ მხარეს ეს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს, ამიტომ მან უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მოითხოვა თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება. უწყებაში ამბობენ, რომ პოლონური მხარის მიერ ჩარიცხული თანხა €68 354 ლარში იყო გადაკონვერტირებული, რამაც 200 149 ლარი შეადგინა. თუმცა, როდესაც ამ თანხით ევრო შეიძინეს უკან დასაბრუნებლად 65 070 გამოვიდა. აქედან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტს მოუწია 10 000 ლარი ბიუჯეტიდან აეღო, რომ დარჩენილი €3 285 შეეძინა და ვალი გადაეხადა.
უწყების ინფორმაციით, გრანტი სოფელ ტინისხიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას უნდა მოხმარებოდა.