საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა მიწის რეფორმის შედეგებსა და ახალ კანონპროექტზე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ისაუბრა.
„მიწის რეფორმა ეს არის მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცესი,რომელიც ხელს უწყობს მიწის ნაკვეთის მარტივ და ხარისხიან რეგისტრაციას, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. საქართველოში მიწის რეფორმა 90-იან წლებში განხორციელდა, სამოქალაქო ომის პერიოდში დოკუმენტები ხარვეზიანად გაიცა. საერთო მიწის ნაკვეთის მხოლოდ 30% იყო დაზუსტებულად განაწილებული და დანარჩენ, 70%-ს საქართველოს ერთიან ელექტრონულ რუკაზე ადგილი არ ჰქონდა მონიშნული. ეს ყოველივე ეკონომიკურ ბრუნვას და წინსვლად უშლიდა ხელს,“- აცხადებს ბოხაშვილი.
მისი განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი კომპლექსურია, საჭიროა დოკუმენტის შეგროვება და შეფასება ვარგისიანობის კუთხით. კანონის მიღებიდან დღემდე, სამი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა რეგისტრირებულთა რაოდენობა. საუბარია, 740 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე. ჯამში ნახევარ მილიონ ჰექტარზე მეტი. მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია და ცვლილების რეგისტრაცია გვაქვს. მდებარეობა მაშინ იცვლება,როცა რეგისტრაცია წინა წლებშია გაკეთებული, აზომვითი ნახაზი არ შემდგარა ადგილზე.
„პრობლემაა ის, რომ წლების განმავლობაში ამზომველები არ დადიოდნენ ადგილზე, ოფისიდან თვალის ზომით ხაზავდნენ ნაკვეთებს. რის გამოც არაერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა. დღეს უკვე რეგისტრაციის პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო, მასში ჩართულია ბევრი მოწყება, მათ შორის მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება საფასურის ნაწილს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა პროცედურა მოქალაქისთვის სრულიად უსასყიდლოა. ეს ეხება როგორც პირველად რეგისტრაციას, ისე ცვლილებას.
2016 წლის კანონმა ასევე გაამარტივა დოკუმენტებისთვის დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები.ამ წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა კანონპროექტი,რომელიც ითვალისწინებს კანონის კიდევ უფრო მეტად გამარტივებას. პირველ რიგში, კანონი ხდება უვადო მოქმედების. შენარჩუნებულია ერთი ფანჯრის პრინციპი. ახალი კანონი ითვალისწინებს კიდევ ერთ სიახლეს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დოკუმენტს სავალდებულო რეკვიზიტები აკლია, მაინც მოხდება რეგისტრაცია. მთავარია დოკუმენტი გაცემული იყოს 2007 წლამდე, დგინდებოდეს სუბიექტი, ფართობი და მისამართი,“- ამბობს ვახტანგ ბოხაშვილი.