თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი იმუშავებს

881

თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ფლიტი თბილისს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა.

„რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელისშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ინფორმაციაში.

ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ. ფლიტი თბილისის ზოოპარკს პირველად წყალდიდობის შემდეგ ესტუმრა.