ფონიჭალაში 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გახსნეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ფონიჭალის აღნიშნულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია.
“თბილისთან შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია კამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში კი სივრცეები საგანმანათლებლო და ფუნქციური დანიშნულების მიხედვითაა გადანაწილებული”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.
ახლადგახსნილი ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
“ჩვენ დავაანონსეთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა საბავშვო
ბაღების მიმართულებით. მსურველთა რაოდენობაც იზრდება ყოველწლიურად. თვითონაც
ნახეთ, რამდენად კარგ პირობებში უწევთ ჩვენს პატარებს ბაღში სიარული. ძველ ბაღებს
რაც შეეხება, არის ისეთი ბაღებიც, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, დავიწყეთ მათი
სარეაბილიტაციო სამუშაოები და გვინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში,
ყველა რაიონში განვახორციელოთ ახალი, თანამედროვე ბაღების პროექტები, იმ
სტანდარტებით, რაც მოთხოვნილია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, –
განაცხადა კახა კალაძემ.