გორში, ქვემო და ზემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

594

ქვემო ხვითის ცენტრიდან ზემო ხვითის ცენტრამდე 1 978 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას 1 038 000 ლარი მოხმარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ნაწილი კი მთის ფონდის თანადაფინანსებით განახორციელა.

„გასულ წელს ქვემო ხვითში, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1 070 მეტრიანი მონაკვეთსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 661 970 ლარი იყო, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

2018 -2019 წლებში ორივე სოფელში ჯამში 3 კილომეტრზე მეტი გზა რეაბილიტირდა.

ქვემო ხვითსა და ზემო ხვითში, ადგილობრივ მოსახლეობას ამორტიზირებული გზის საფარი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უქმნიდა პრობლემებს. აღნიშნულ სოფლებში მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები აღარ აწუხებს“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.