გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ და განუმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება ტრანსფარანტებით და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და აქცია გამართონ. თუმცა, აქციის მონაწილეები დამორჩილებას არ აპირებენ და სამართალდამცავებს ულტიმატუმის სახით მორიგ ვადას აძლევენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გორის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში არ მიიღეს.
“ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები, სასტვენების თანხლებით, მაკრახიძეს მოუწოდებენ გამოვიდეს და იქ შეკრებილებს გაესაუბროს.
ახალგაზრდებმა ოფისთან პლაკატებიც მიიტანეს, რომლებზეც ეწერა: “ტენდერების მონა”, “არა რუსეთუმე დეპუტატს”.
“მაკრახიძე გამოდი, ტენდერი უნდა მოგაგებინოთ“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ მაკრახიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც პროპოპრციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს და ამით ივანიშვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ. საზოგადოების ნაწილმა ამ პროცესს “ივანიშვილის სპექტაკლი” უწოდა.
აქციის მონაწილეები მაკრახიძისგან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პასუხს ითხოვენ და საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებენ.