თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

702

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიულ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება.

„წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნულ მისამართზე სამი სახლი მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 80 ოჯახი ცხოვრობს. ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოების წარმოების გამო, ავარიული სახლიდან მოსახლეობა გაყვანილი გვყავს. მოქალაქეებს აქ ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. სრულ რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება, რომლის შემდეგაც, შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. სამწუხაროდ, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის საძირკვლის გამაგრება, სახურავის აღდგენა, წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია. ასევე, სახურავზე არსებული შუქ-ფანრების, ეზოში არსებული ლითონის კიბეების, ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნებისა და დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა/რესტავრაცია, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაცია, წყალმომარაგების, წყალარინების და ელექტრომომარაგების ქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 657 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 81 მესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. პროექტი 2021 წლის ივნისში დასრულდება.