არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს მმართველ პარტიას, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „დარჩეს საკუთარი სიტყვის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა და მხარი დაუჭიროს პროპორციული არჩევნების შემოღებას ქვეყანაში”.
„ისტორიული მომენტია ახლა საქართველოს პარლამენტში. ეს კონსტიტუციური ცვლილების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მომდევნო 2020 წლის არჩევნების ჩატარებისთვის იმ გარემოში, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანასწორი გარემო.
დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ყველა ხელისუფლების პირობებში აძლევს მმართველ პარტიას იმ სრულიად დაუმსახურებელ უპირატესობას, რომელსაც იძლევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდა, არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სისტემა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მმართველ პარტიას არ შეექმნას მნიშვნელოვანი საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს მმართველი პარტიის მიერ სტაბილურად ძალაუფლების შენარჩუნება“, – განაცხადა ბენიძემ.
ოპოზიციას და ხელისუფლების წარმოამდგენლებს მობილიზებისკენ მოუწოდებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძეც.
„მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავემშვიდობოთ და ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან, რომ ორივე მათგანმა უზრუნველყოს ძალების მობილიზება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”,- განაცხადა სალაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში განვითარებული გუშინდელი მოვლენები დადგმულ სცენარს ჰგავდა. მისი თქმით, „პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისეთი ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რეალურად არ აქტიურობენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დიდი ორატორობით არ გამოირჩევიან“.
მმართველი პარტიის ოფისში დღეს 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.