ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დაინერგა

1019

აღმოსავლეთ საქართველოს სამ სოფელში – ქარელში, რუისსა და ბედიანში, წვეთოვანი მორწყვის სისტემები დამონტაჟდა. წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცილდა.

გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს, წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ხორციელდება და ორ ქვეყანას შორის წყლის მოხმარების პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზებას ემსახურება.

მათივე ინფორმაციით, დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელს ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, ამელიორაცია Ltd, წარმომადგენლები. მათ წვეთოვანი მორწყვის სისტემები დაათვალიერეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

„მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები წყლის დაზოგვისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობაა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით უკეთ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ წყლის რესურსებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

„ტემპერატურისა და სიმშრალის მატება, რომელიც აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება, კლიმატის ცვლილების შედეგია. წყლის მდგრადი მართვის დანერგვა მდინარე მტკვრის აუზში, სადაც სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ენიჭება, მეტად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების შემცირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ეს ასევე უწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

“მდინარე მტკვრის აუზში წყლის საერთო მოხმარების 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე მოდის. გრუნტისა და ზედაპირული წყლის რესურსების დაზოგვა და გადაჭარბებული მოხმარებისგან მათი დაცვა ხელს შეუწყობს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას რეგიონში. ეს ასევე დაეხმარება ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის გაზრდას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით“, – განაცხადა UNDP-GEF პროექტის Kura-2 რეგიონულმა კოორდინატორმა მერი მეთიუსმა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ცნობით, წვეთოვანი მორწყვის სისტემების უპირატესობების დემონსტრირებისთვის შერჩეულია სამი საპილოტე სოფელი და ასევე სამი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო კულტურა – ყურძენი ენისელში, კარტოფილი ბედიანში და ხახვი რუისში. საპილოტე სოფლებში ჩატარდება მოსავლიანობისა და წყლის მოხმარების კვლევები, რომლებიც წვეთოვანი ირიგაციის დანერგვის შედეგებს გამოავლენს. ადგილობრივი ფერმერები და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს წვეთოვანი მორწყვის სისტემების სწორი გამოყენებისა და მართვის საკითხებში.

„პროექტის Kura-2 მთლიანი ბიუჯეტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება და 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.