გაინაწილე პასუხისმგებლობა – მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა

2382

რაჭანიუსი

ავტორი ნატალი ნემსაძე

როგორ გავხდეთ მონაწილეობითი ბიუჯეტის მონაწილე?

პროექტის მიზანია ბიუჯეტი უფრო მეტად მიესადაგებოდეს ხალხის რეალურ საჭიროებას. იდეის განსახორციელებლად კი აუცილებელია ხალხის მონაწილეობა. ონის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ათთაგან, სადაც პროექტი საპილოტე რეჟიმში ინერგება. მეტი პასუხი საკითხზე, ინტერვიუში საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში?

მონაწილეობითი ბიუჯეტირება უპირველესად ითვალისწინებს მოქალაქის მონაწილეობას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. იმის გათვალისწინებით თუ რამდენი მილიონი ლარი იხარჯება ყოველწლიურად მუნიციპალიტეტებში იქ კმაყოფილების დონე გაცილებით მაღალი უდნა იყოს. მოსახლეობა არის აბსოლუტურად ცალკე და საკრებულო  დაგეგმვის პროცესიდან დაწყებული განხორციელების პროცესამდე ცალკე, მათი კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მონაწილეობით ბიუჯეტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. არის თვითმმართველოები, სადაც  200-280 დასახლებაა, შესაბამისად, ერთ მერს ან მერიაში მომუშავე პირს მოსახლეობის ყველა საჭიროება ვერ ეცოდინება. ამიტომაც ჩემს სოფელში და თემში მე უნდა ვიყო აქტიური, რომ ჩემი პრობლემები მოგვარდეს.

რა ფაქტორები აფერხებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებას?

ვინაიდან ეს პროექტი საპილოტეა და მოსახლეობისთვისაც ჯერ ახალია, ბუნებრივია, ყველაფერი გამართული ვერ იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობა, რაც თავის მხრივ არაინფორმირებულობას უკავშირდება. მოსახლეობის ჩართულობის 20-25% არის ის მაქსიმუმი, რასაც სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს. ჩვენ თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 10-15 % მივაღწიეთ ძალიან კარგი შედეგი იქნება.

როდესაც მუნიციპალიტეტებს ვთავაზობთ მონაწილეობითი ბიუჯეტირებით  ბიუჯეტის დაგეგმვას უმთავრესი არის სწორი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. პირველ რიგში ინფორმირება ადამიანების რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა უფლებამოსილება აქვს თვითმმართველობის პირობებში თავად მოქალაქეს, რა არის მონაწილეობითი ბიუჟეტი და როგორ შეუძლია მასში ჩართვა.

იგეგმება თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა ყველა მუნიცპალიტეტისთვის?

პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ ათ მუნიციპალიტეტს მოიცავს, ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ გაისადვე ათივე მუნიციპალიტეტი გადავა მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  მუნიციპალიტეტებმა უკვე დაიწყონ ამ პროგრამების დანერგვა, იმისთვის, რომ მათ უკვე ჰქონდეთ საპილოტე პროგრამები გაკეთებული და შემდეგ უკვე სრულფასოვნად დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით.  სამწუხაროდ, ნებაყოფლობითობის პირობებში მუნიციპალიტეტები თავს იკავებენ,  რომ თავადაც ჩაერთონ პროექტში,  რადგან მის განხორციელებას  ჭირდება თანხების მოძიება, გამოყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ბიუჯეტი შეზღუდულია ხშირად ისინი უარს ამბობენ პროექტის დანერგვაზე.

წინამდებარე სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიების შინაარსობრივ სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.