ქედის ორ თემში მოსახლეობა ბიუჯეტით განსაზღვრული 300 ათასი ლარის პროექტებს თავად შეარჩევს

1797

აჭარის ტელევიზია

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ბიუჯეტზე მსჯელობა დაიწყო. პირველ ეტაპზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა მხოლოდ დოლოგნის თემსა და დაბა ქედაში განხორციელდება, რისთვისაც 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული პროგრამა ქედისთვის საპილოტეა და ბიუჯეტის დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა თუ  მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასთან ერთად, მათი  ინტერესების გათვალისწინებით თანხების განკარგვას გულისხმობს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, პროექტისთვის დასახელებული ორი თემი მოსახლეობის რაოდენობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებების მიხედვით შეირჩა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდება.

ქედის  მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა 2020 წლიდან შეეძლება.