თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

744

თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენის საკითხზე „თავისუფალი საქართველოსა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს კონსულტაცია არის „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, კონსულტაციები უკვე იყო „პატრიოტთა ალიანსთან“, ხოლო შემდგომ კონსულტაციებთან დაკავშირებითაც მედია ინფორმირებული იქნება.

„თავისუფალი საქართველოს“, „დემოკრატიული მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინასწარი პოზიცია არის, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი წარვადგინოთ, რომელსაც ექნება გამარჯვების შანსი და რომელიც არ იქნება წარდგენილი იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს წინასაარჩევნო ტრიბუნა. რაც შეეხება კანდიდატურას, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული, როდესაც შეიქმნება კოალიცია. კოალიციაში არ ვიქნებით მხოლოდ ჩვენ სამი პარტია. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება ყველა მსურველი, ბუნებრივია, კანდიდატურა შეთანხმებული უნდა იყოს. წინასწარი განხილვა მიმდინარეობს სხვადასხვა კანდიდატის. ჩვენი, თავისუფალი საქართველოს გუნდის პოზიცია არის, რომ უმჯობესია და წარმატების მეტი შანსი ექნება ისეთ კანდიდატს, რომელიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, გვქონდა შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსთან“. ყველა შეხვედრასა და კონსულტაციაზე, რომელიც დამატებით გაიმართება, ინფორმირებულები იქნებით. გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. იმედი მაქვს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იქნება სწორედ ამ ფორმატში“, – განაცხადა კუკავამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი