ქუთაისში საახალწლო ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში, ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქუთაისის მერიამ შპს „გიორგი 2019“-ს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა, 56 200 ლარიანი ხელშეკრულება ერთ კვირაში, ამავე წლის 5 ნოემბერს გაუფორმა.
ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ საახალწლო ნობათი 2000 ბენეფიციარისთვის უნდა შეიძინოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, თითო შეფუთვაში უნდა იყოს გაყინული ქათამი, შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, კარაქი, კვერცხი და პურის ფქვილი, ჯამში 28 ლარის ღირებულების პროდუქტი. კომპანიამ ნობათი საკუთარი ხარჯებით უნდა შეისყიდოს, მერია კი შესაბამის თანხას ვალდებულების შესრულების შემდეგ გადაუხდის.
ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათის შესაძენად ტენდერი 60 000 ლარზე გამოაცხადა. შპს „გიორგი 2019“ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც ვალდებულელების შესასრულებლად 3 800 ლარით ნაკლები მოითხოვა. გარდა იმის, რომ კომპანიის დირექტორს გიორგი ლაჭყეპიანს კონკურენტი არ ჰყავდა, ქუთაისის მერიამ მისგან მსგავსი საქმიანობის გამოცდილებაც არ მოითხოვა.
კომპანიის დირექტორი, გიორგი ლაჭყეპიანი ამბობს, რომ მართალია კომპანია ახლა დააფუძნა, თუმცა, მეგობრებთან ერთად მსგავსი საქმიანობის გამოცდილება აქვს.
„გვინდა, რომ წელს ბენეფიციარებს ხარისხიანი და კარგი პროდუქტი მივუტანოთ. მხოლოდ დიდმა კომპანიებმა ხომ არ უნდა მოიგონ ყველა ტენდერი? ეს ერთგვარი საშუალებაცაა ადამიანებისთვის, რომ დასაქმდნენ“,-ამბობს გიორგი ლაჭყეპიანი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ახლადდაფუძნებული კომპანიისთვის 56 000 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი ამბობს, რომ რადგან კომპანია ფაქტიურ მიწოდებას ახდენს და პროდუქტების შეძენაში თანხას თავად იხდის, გამოცდილების დადასტურება აუცილებელი არ არის.
„ეს არ არის მშენებლობა, რომ გამოცდილება აუცილებელი იყოს. ასეთ ტენდერებში არ მოეთხოვება კომპანიას, რომ მსგავს საქმიანობას ეწეოდეს. ეს არის ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის სფერო, სადაც ხდება საქონლის ფაქტიური მიწოდება. შესაბამისად, ვერც დაფუძნების თარიღი იქნება შემაფერხებელი ფაქტორი ასეთ შემთხვევაში“,- ამბობს თიკო ბერიშვილი.
ქუთაისის მერიას ტენდერების შესრულებასთან დაკავშირებით ცუდი პრაქტიკა აქვს. მაგალითად, მერიამ შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფს”, ორმაისობის ორგანიზებისთვის 40 000 ლარიანი ხელშეკრულება ისე გაუფორმა, რომ მისი სატენდერო ისტორიაც კი არ შეუსწავლია. მაშინ, როცა, ცოტა ხნით ადრე, კომპანიას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო 57 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუუქმა. ორმაისობაში მონაწილე 30-მდე მსახიობს კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ აუღია.
შესყიდვების ექსპერტი გიორგი ბაჯელიძე თვლის, რომ მსგავსი მიდგომებით მუნიციპალიტეტები რისკის ქვეშ აყენებენ კონკრეტული სამუშაოს შესრულებას, რაც საბოლოოდ გამარტივებული ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება, სადაც არც კონკურენციაა და შესაბამისად, არც ფასთა კლება.
„სახელმწიფოა პირველ რიგში დამნაშავე, რომ მუნიციპალიტეტებს აძლევს უფლებას გამოცდილების გარეშე გამოაცხადონ ტენდერები. ერთი კვირის კომპანიას რომ უფორმებ ხელშეკრულებას ისე, რომ არ იცი ვინ არის, რა გარანტია გაქვს, რომ ვალდებულებას შეასრულებს, რომ ვერ იყიდოს პროდუქტები და ვერ მოგიტანოს, რას იზამ? ახალ წელს გადაწევ? ამის შემდეგ ხდება სწორედ, რომ მუნიციპალიტეტები მიმართავენ თავიანთ საყვარელ მეთოდს – პირდაპირ შესყიდვებს და ერთ პირთან აფორმებენ ხელშეკრულებებს“, -ამბობს გიორგი ბაჯელიძე.
შესყიდვების ექსპერტი საუბრობს მსოფლიო პრაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად ხდება კომპანიის ისტორიის შესწავლა, რაც არამხოლოდ გამოცდილების დადასტურებას გულისხმობს, არამედ, შემსყიდველს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია კომპანიის მომსახურე პერსონალის შესახებ, იცოდეს კომპანიის საბანკო ანგარიშები და ა.შ. ამის მიუხედავად, გიორგი ბაჯელიძის თქმით, მაინც არის გარკვეული რისკები, რომ სატენდერო ვალდებულებები სრულყოფილად ვერ იქნას შესრულებული. საქართველოში არსებული პრაქტიკის ფონზე კი ამის გარანტიები ფაქტობრივად არ არსებობს.
ქუთაისის მერიას, რომ ტენდერების შესრულების პრობლემა აქვს, ამას მონაცემებიც ცხადყოფს.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში (იანვარი-სექტემბერი) ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა.
ამ მონაცემებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ხუთით უსწრებს. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე, გამოცდილების ზრდის პარალელურად, ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს.