პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ქანდაკება აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს.
5-მეტრიანი ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე შადრევანში განთავსდა. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.
ქანდაკება იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად, იგი საჩუქრად პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.
პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.
თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N’UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან, ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.