ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მალე დაიწყება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო შესყიდვა მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გამოცხადდება.
„ეს იყო ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა როგორც მოქალაქეებს, ასევე მთლიანად რეგიონს. გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, უკვე დასრულდა პროექტირება და დღესვე გამოვაცხადებთ სახელმწიფო შესყიდვას და გადავალთ შესყიდვების ეტაპზე. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 580 ბინით უზრუნველყოფა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი ადამიანი არ იქნება მეორეხარისხოვანი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება 1 000-ზე მეტ ბავშვს და მათ ოჯახებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის ცენტრალურ მთავრობას და მმართველი პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პროექტისთვის წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამი მილიონ 750 ათასი ლარი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კი, 16 მილიონი ლარი. მისივე ინფორმაციით, მომზადებულია მშენებლობის პროექტიც, რომელსაც გავლილი აქვს ოთხი ექსპერტიზა. სატენდერო თანხა კი, აღემატება 41 მილიონ ლარს და პროექტის ფარგლებში განხორციელდება 54 ათასი კვადრატული მეტრი ფართის მშენებლობა.
მშენებლობა შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვინ მიიღებს ბინებს, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროცესი იქნება საჯარო და მასში ჩართული იქნება როგორც ადგილობრივი მესამე სექტორი, ასევე გაერო-ს ბავშთა ფონდი „იუნისეფი“.