მომავლის სივრცე, ცოდნის არტ-გალერეა და ტურიზმის განვითარების ცენტრი – ახალგაზრდების 3 იდეა ჭიათურის განსავითარებლად

4884

წინა სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

“ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ პროექტში ჭიათურელი ახალგაზრდების სამი გუნდი მონაწილეობს. იდეების ადგილობრივებისთვის გაცნობა-პრეზენტაცია უკვე ჩატარდა, ხოლო რომელი იდეა ჩაითვალა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველაზე საინტერესოდ, ეს 16 ნოემბერს კულტურის სახლში, კენჭისყრის შემდეგ, გამოვლინდება. 

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და შეიტანონ წვლილი მის განვითარებაში.

„პიონერთა სასახლის“ ახალი სიცოცხლე, ცოდნის არტ-გალერეა და ტურიზმის განვითარების ცენტრი – ეს არის ის სამი პროექტი, რომელიც ჭიათურაში ახალგაზრდულმა გუნდებმა წარმოადგინეს.

„პიონერთა სასახლის” ახალი სიცოცხლე

ახალგაზრდების ერთი ჯგუფის იდეაა, ჭიათურაში, ნახევრად დანგრეულ მოსწავლეთა სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნას „მომავლის სივრცე“. პროექტის ავტორები ნიკოლოზ კაპანაძე, ნუგზარ აბრამიშვილი და ნათია კაპანაძე არიან.

იდეაა, რომ ნაწილობრივ აღდგეს ნახევრად დანგრეული ყოფილი „პიონერთა სასახლე“, რომელიც იქნება მულტიფუნქციური. კერძოდ, შენობაში გადავა ქორწინების სახლი, მოეწყობა ღია საკონცერტო სცენა, მაღაროს მუზეუმი, ტექნოპარკი და საკონფერენციო დარბაზი.

შენობის მიმდებარედ კი, რომელიც ამჟამად მოუვლელია, შეიქმნება 250 კაცზე გათვლილი რეკრეაციული ზონა, სადაც მოეწყობა ბილიკები, სპორტული მოედანი, დამონტაჟდება ძელსკამები, ზიპლაინი, დაირგვება ხეები, მოეწყობა სხვადასხვა ატრაქციები. ეს იქნება ადგილი, სადაც მოსახლეობა შეძლებს დასვენებას, ბავშვები კი გაერთობიან სხვადასხვა ატრაქციებზე. ეს სივრცე იქნება ადგილი, სადაც შშმ პირები შეძლებენ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. გაიყიდება ადგილობრივი ნაწარმი.

ამასთან, გუნდის წევრების თქმით, ჭიათურაში საბჭოთა დროს პირველად აშენდა ჩოგბურთის კორტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს და მიზანია, რომ ქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანი ადგილი აღდგეს. შენობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

პროექტის მიხედვით, ამ სივრცის მოსაწყობი არეალის ფართობი 20 000 კვ.მ-ია. მის  განხორციელებას კი, დაახლოებით, 1 309 033 ლარი დასჭირდება.

გუნდის წევრების თქმით, ჭიათურაში ცხოვრება ერთფეროვანი და რუტინულია; არ არსებობს სიახლეები და არის შიში, რომ ქალაქი მალე მოკვდება; ქალაქს არ გააჩნია სარეკრეაციო ზონა, არც დიდი შეკრებისთვის განკუთვნილი კეთილმოწყობილი სივრცე, ღია საკონცერტო სცენა; დამახინჯებულია ქალაქის იერსახე; არ არსებობს არაფორმალური განათლების კერები, ასევე, არ არსებობს ადგილი, სადაც ჩამოსული სტუმარი ქალაქის ისტორიას გაიცნობს და შესაბამის ინფორმაციას მიიღებს; არ არის ადგილი, სადაც ტურისტს საშუალება ექნება, ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთი თუ სამეურნეო ნაწარმი შეიძინოს.

ამიტომაც, ახალგაზრდების სურვილია, „პიონერთა სასახლის“ ყოფილ შენობაში და მის მიმდებარედ მულტიფუნქციური სივრცე მოეწყოს.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს შენობა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ქალაქის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სტუმრობს ამ ტერიტორიას, აქ იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, საბანკეტო ფოტოსესიები, კონცერტები, თუნდაც check in georgia-ს ფარგლებში და აქ მოსული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, იმიტომ, რომ შენობა, მოუვლელობის გამო, ნახევრად დანგრეულია და დარჩენილი ნაწილიც ინგრევა, მათი პროექტი კი შენობას უსაფრთხოს გახდის და მეტ ფუნქციასაც შესძენს. პროექტის განხორციელების რისკად კი მიჩნევენ იმას, რომ, შესაძლოა, შენობა იმდენად ავარიული იყოს, რომ მისი გამაგრება შეუძლებელი გახდეს.

“ცოდნის არტ-გალერეა”

ახალგაზრდების მეორე ჯგუფის იდეაა, ჭიათურის ერთგვარი ურბანული სიმბოლო – საბაგირო, გამოიყენონ და ერთი უფუნქციო შენობა გადაიქცეს „ცოდნის არტ-გალერეად“. იდეის ავტორები ლანა ვაშაძე, თეონა კაპანაძე და სალომე გაფრინდაშვილი არიან.

ახალგაზრდების თქმით, ჭიათურაში არ არსებობს კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცე, სადაც წიგნის მოყვარულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, წაიკითხონ წიგნი; არ არსებობს გარემო, სადაც ტრენინგები, გამოფენები და პრეზენტაციები გაიმართება; ასევე, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სივრცით, სადაც შეძლებენ შეკრებას მეცადინეობისთვის, სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებისთვის.

იმ საბაგიროს დღევანდელი მდგომარეობა, რომელშიც „ცოდნის არტ-გალერეა“ უნდა განთავსდეს

ამიტომ გუნდის წევრების იდეაა, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიანი მიტოვებულ საბაგიროს შენობას, რომლის მდგომარეობაც მოუვლელობის გამო წლიდან წლამდე უარესდება, ახალი სიცოცხლე შესძინონ და  შექმნან თანამედროვე, მრავალფუნქციური, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე – „ცოდნის არტ-გალერეა“.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, უშუალოდ საბაგიროს შენობა კარგ მდგომარეობაშია, თუმცა, მასზე გაჭიმული ბაგირები, რომლის საერთო წონა დაახლოებით 35 ტონამდეა, საფრთხის შემცველია. იდეის განსახორციელებლად აუცილებელია, მოიხსნას ბაგირები, გარემონტდეს შენობა და ხუთივე სართული დაიტვირთოს სხვადასხა ფუნქციით.

პროექტის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა დუპლექსის ტიპის სამკითხველო დარბაზი და საცავი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურა, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი; მეორე სართულზე განთავსდება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი  სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა; მესამე სართულზე მოეწყობა შეხვედრების ოთახი (საკონფერენციო დარბაზი); მეოთხე სართულზე – საგამოფენო დარბაზი; ხოლო მეხუთე სართულზე მოეწყობა არტ-კაფე ვერანდით.

ახალგაზრდების თქმით, მათი სურვილია, შემეცნებითი სივრცე შეიქმნას ჭიათურისთვის ორი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათის ერთობლიობით – საბაგიროებით და მანგანუმის მრეწველობასთან დაკავშირებული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დეტალებით. ამიტომ პროექტით, შენობის გარე ფასადი უნდა მოიხატოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის საბაგიროებით. ამასთან, შენობას აქვს ბაქანი, სადაც იგეგმება საბაგიროს ფორმის იზოლირებული სამკითხველო ოთახის – “კარცერ-ლუქსის“ მოწყობა. ამასთან, საცავიდან სამკითხველო დარბაზში წიგნების მიწოდება მოხდება პატარა საბაგიროს ვაგონებით. გეგმაა, რომ შიდა სივრცეც გაფორმდეს საბაგიროს ფორმის დეტალებით. ასევე, ეზოს ტერიტორიაზე განთავსდეს პატარა ლიანდაგი ვაგონებით, რითაც მაღაროებიდან მადნის გამოტანა ხდება.

შენობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და პროექტის ავტორების თქმით, თუკი მათი იდეა გაიმარჯვებს, შენობის რემონტისა და ახალი სივრცეების მოწყობისთვის, დაახლოებით, 850 000 ლარი იქნება საჭირო.

“ტურიზმის განვითარების ცენტრი”

მესამე იდეა, რომელიც ჭიათურელ ახალგაზრდებს აქვთ, ჭიათურის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ამისათვის საინფორმაციო ცენტრის შექმნას გულისხმობს. იდეის ავტორები სოსო გაფრინდაშვილი, დავით ცუცქირიძე და ლუკა პაპიძე არიან.

ახალგაზრდების თქმით, ჭიათურაში მოსახლეობა მხოლოდ მადნის გადამამუშავებელი ინდუსტრიით ცხოვრობს და ეს პრობლემაა, რადგან ქალაქმა ალტერნატიული შემოსავლის წყაროც უნდა მოიძიოს. მათივე თქმით, ეს ალტერნატივა კი, შესაძლოა, ტურიზმის განვითარება გახდეს, რისთვისაც მსურველი ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ამ საქმიანობის შესწავლაა საჭირო, ამიტომ იდეაა, შეიქმნას სივრცე, სადაც ადგილობრივები მიიღებენ შესაბამის ცოდნას ტურიზმის განვითარების შესახებ და მსურველები გადამზადდებიან. ამასთანავე, ამ სივრცეში იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ქალაქის იმიჯსა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაზე იმუშავებს.

როგორც გუნდის წევრები ამბობენ, ჭიათურის ერთგვარი სავიზიტო ბარათია საბაგირო, მღვიმეები, ცნობილი კაცხის სვეტი და მაღაროები, შესაბამისად, ტურიზმის განვითარებაც ამ მიმართულებით შეიძლება. საინფორმაციო ცენტრის მოწყობა კი ქალაქის სავიზიტო ბარათებიდან ერთ-ერთში – ძველი საბაგიროს 2-სართულიან შენობაში იგეგმება.

პროექტის მიხედვით, შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. პირველ სართულზე მოეწყობა სატრენინგო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით და ავეჯით. სწორედ ამ სივრცეში გაიმართება აქტივობები ტურიზმში ცნობიერების ამაღლებისთვის. ასევე, მოსწავლეებისთვის ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგი და შეხვედრები მათი არაფორმალური განათლებისთვის. მეორე სართულზე მოეწყობა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ქალაქ ჭიათურისა და მის შემოგარენში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობათა და სანახაობათა პოპულარიზაციაზე იმუშავებს. ასევე, მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, სადაც გამოიფინება ჭიათურის სანახაობების ფოტოები. ფოტო-სტენდებთან ერთად, დაიდგმება დიდი ზომის მონიტორი, რომელზეც ჭიათურის ღირსშესანიშნაობები სლაიდებით იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, ცენტრს ექნება ვებგვერდი, რომელიც გათვლილი იქნება ტურისტების მოზიდვასა და ჭიათურის პოპულარიზაციაზე. ამასთან, ცენტრი ქეშბექის პრინციპით ითანამშრომლებს სასტუმროებთან და მეწარმეებთან, რაც სამომავლოდ მას საკუთარ შემოსავალს მოუტანს. ცენტრში გადამზადების საფუძველზე შეიქმნება გიდების სერვისი, რომელიც ცენტრისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ახალგაზრდების პროექტით, ათვისებული იქნება შენობის ირგვლივ არსებულ ეზოც, სადაც განლაგდება თემატური დახლები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რათა მათ თავიანთი ნაწარმის რეალიზაცია შეძლონ.

მათი გათვლებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარია. ცენტრის ამუშავების შემდეგ კი, ჭიათურაში იქნება უფრო მეტი ადგილობრივი, რომელსაც ექნება ცოდნა ტურიზმის სფეროში მომსახურების შესახებ. ასევე, ცენტრი უზრუნველყოფს ტურისტების მოძიებას და ქალაქის მარშრუტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

რომელ პროექტს აირჩევენ ჭიათურაში, ეს 16 ნოემბერს გახდება ცნობილი. ქალაქის მცხოვრებლებს სასურველი პროექტის მხარდასაჭერად კენჭისყრაში მონაწილეობა ჭიათურის კულტურის სახლში შეუძლიათ. ახლა სწორედ მათზეა დამოკიდებული, რომელი პროექტი განხორციელდება ჭიათურაში.