ლილოს დასახლებაში, №1 ავტობუსის ხაზზე დღეიდან MAN-ის მარკის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები, რომლებმაც „ბოგდანის“ მარკის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლეს, მეტროსადგურ „ისნიდან“, კახეთის გზატკეცილის გავლით, ლილო-ლოჭინის მგზავრებს მოემსახურებიან.
აღნიშნულ მარშრუტს დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაეცნო.
ტყემალაძის თქმით, ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება და ამჯერად სიახლე ლილოს დასახლებას შეეხო. დეპუტატის თქმით, ხაზებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების დამატება მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების გარდა, მოლოდინის დროსაც საგრძნობლად შეამცირებს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხაზებზე ახალი ავტობუსების დამატება აქტიურად მიმდინარეობს. ავტობუსების ჩანაცვლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეუბნებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ორხევის დასახლების შემდეგ, ახალი ავტობუსები დღეს უკვე ლილოშიც იმოძრავებენ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ავტობუსით პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმაც იმგზავრეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს 90 ერთეული, 10 მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები შეიძინა. ავტობუსები 82 მგზავრზეა გათვლილი. ის შშმ პირთათვისაც ადაპტირებულია. ასევე, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.