მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავენ, აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილია 161,7 მილიონი ევრო, მათ შორის 21,7 მილიონი ევრო გრანტის სახით.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა. გერმანიის მხრიდან კი ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.