2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან 11 მლნ ლარამდე შევიდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ იანვარ-სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მიწის გაყიდვიდან ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობა 2.5 მლნ ლარი იყო, მაგრამ ფაქტიურად მიღებულმა თანხამ 10 მლნ 757 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 430.3%-ია.
ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 68 მლნ 908 ათას 700 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (51 მლნ 500 ათასი) 133.8%-ია.
ცნობისთვის, 2019 წლის 9 თვეში „ოცნების“ მთავრობამ უფრო ნაკლები სახელმწიფო ქონება გაყიდა, ვიდრე – შარშან.
როგორც bm.ge-ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, წლის პირველ სამ კვარტალში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდეს. წლევანდელი ჯამური გეგმა 80 მლნ ლარია. გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მლნ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება 2018 წლის 9 თვეს, შარშან ქონების ეროვნულმა სააგენტომ 109 803 701 ლარის ქონება გაყიდა.
საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქონების სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა ვერ შეძლო. სააგენტოს ბალანსზე ამჟამად 93 სახელმწიფო საწარმოა.