მალხაზ ჭკადუა: ნიჰილისტური დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი უსაფუძვლოა

2169

ავტორი ანი გუგეშაშვილი

ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის, მათი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სამოქალაქო საბჭოები შეიქმნა.

სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ზუგდიდსა და ფოთში 60-ზე მეტი, იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში – წყალტუბოში, ტყიბულსა და ქუთაისში 40-ზე მეტი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 4 მუნიციპალიტეტის – ხულოს, ქედას, შუახევისა და ბათუმის 15 დასახლებაში 52 ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს.

რა არის საბჭოების შექმნის ძირითადი მიზანი აჭარაში და როგორ დაეხმარა ის ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსახლეობას კომუნიკაციასა და პრობლემების გადაწყვეტაში – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც droa.ge-ს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა ესაუბრა.

– ბატონო მალხახ, როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა სამოქალაქო საბჭოს შექმნის საჭიროება ბათუმში, ქედაში, ხულოსა და შუახევში?

– ზოგადად, სამოქალაქო საბჭოების მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაა. ადგილობრივი პრობლემატიკა ისე კარგად არავინ იცის, როგორც იქ მცხოვრებმა ხალხმა, ამიტომაც, ჩვენი ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ ჯერ გვეპოვნა და აღმოგვეჩინა ისეთი ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებოდნენ საკუთარი თემის, დასახლებისა თუ სოფლის პრობლემების ადვოკატირებით და იქნებოდნენ გარკვეული ხიდი ადგილობრივებსა და მუნიციპალიტეტებს შორის და ამ პრობლემებს გადაწყვეტაში ჩვენი შუამდგომლობა და ადვოკატირება დასჭირდებოდათ.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი ამოცანა და ასეთი ადამიანების ძიების დროს მაღალმთიან აჭარაში, პრაქტიკულად, 30 სოფელი შემოვიარეთ, საბოლოოდ კი, სხვების დახმარებით, მაგალითად,”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენ აღმოვაჩინეთ და შევარჩიეთ ეს ადამიანები.

საერთო ჯამში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან არის დაინტერესებული, რომ მათი პრობლემების ადვოკატირება სწორედ სამოქალაქო საბჭოების მეშვეობით მოხდეს, მეორე მხრივ კი, ძალიან კარგი რეაქციები და სიგნალები გვაქვს თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობებისგა. ვგულისხმობ საკრებულოებსა და მერიებს, სადაც დეტალურად ეცნობიან ჩვენ მიერ გაგზავნილ და გამოვლენილ პრობლემებს და ძალიან დასაბუთებულად გვწერენ ხოლმე, თუ რისი მოგვარებაა შესაძლებელი ბიუჯეტით და რისი რესურსები არ ჰყოფნით თვითმმართველობებს.

– თქვით, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 30 სოფელი შემოიარეთ. იქნებ გვითხრათ, რა იყო ის პრობლემები და საჭიროებები, რომელზეც ადგილობრვები მოგმართავდნენ?

– მაღალთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, რელიეფისა და, ზოგადად, ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორის გათვალისიწიებით, სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებაა. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის პრობლემურ საკითხებს შორის არის შიდა გზები და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, ვინაიდან იცით, თუ, სამწუხაროდ, როგორი პრობლემური ზონაა აჭარა ამ თვალსაზრისით და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. ამასთან, საკითხებს შორის არის სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებებიც, მაგალითად, ადმინისტრაიული ცენტრებისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა.

2019 წლის აპრილ-მაისში მოვიარეთ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მუნიციპალური ბაღი. სპეციალური კითხვარის მეშვეობით ვადგენდით საჭიროებებს, თუ რა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვდნენ იქ აღმზრდელები, საბოლოო დოკუმენტი კი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გავუგზავნეთ საკითხების მომდევნო წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

ასევე, პრობლემაა გარეგანათება და ტურისტულად მიმზიდველი არქტიტექტურული ძეგლების ხელმისაწვდომობა. ამიტომ ქედის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ცივასულას ციხე-კოშკთან და მიწის ხიდთან გაკეთდა ბილიკი.

ადგილობრივები არა მხოლოდ სოფელზე მორგებულ საჭიროებებს, არამედ გარკვეულ ეკონომიკურ მიზნებზე გათვლილ ინტერესსაც იჩენენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ, თუ მათ სოფელში არსებულ ისტორიულ ძეგლამდე იქნება კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, შეიძლება, ის დამატებით, კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი გახდეს, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ გაყიდონ იმ სოფელში წარმოებული პროდუქტი, ან მოაწყონ გამოფენა, სადაც საკუთარ პროდუქციას წარადგენენ.

ამ საბჭოებმა დაგვანახა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი აქვს, მეტწილად უსაფუძვლოა, იმიტომ, რომ თვითმმართვლობებემა გამოავლინეს ძალიან დიდი სურვილი, რომ მუნიციპალიტეტებში ასეთი საკითხებისადმი ინტერესი გაზრდილიყო.

განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს, სადაც ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბჭოების მიერ გამოვლენილი პრობლემები მაქსიმალურად გადაჭრან.

– რამდენი და რა სახის პრობლემა გამოვლინდა მუნიციპალიტეტებში და მათგან რამდენის მოგვარებას შეძლებენ თვითმმართველობები?

– სამოქალაქო საბჭოს წევრებმა ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ჯამში 52 პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს, მერიებიდან კი 25 პრობლემის გადაჭრის პირობა მივიღეთ. სამწუხაროდ, ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა და მომავალ წელს, ალბათ, უფრო ინტენსიურ და აქტიურ ურთიერთობაზე გადავალთ მუნიციპალიტეტებთან. ჩვენ არ ვეშვებით დარჩენილ პრობლემებს და პრობლემები, რომელიც არ გადაწყვეტილა, ახალ საკითხებთან ერთად, უკვე გავუგზავნეთ მუნიციპალიტეტებს 2020 წელს გადასაწყვეტად. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ დარჩენილი პრობლემები უყურადღებოდ რჩება, პირიქით, ჩვენც უნდა ვიმუშავოთ თანმიმდევრულად, რომ მეტი ნდობა დავიმსახუროთ ადგილობრივებისგან. თუმცა, ეს, ჩემი აზრით, მაინც კარგი სასტარტო მდგომარეობაა იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტებს ყველა პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ.

– რა არის მიზეზი, რის გამოც მუნიციპალიტეტები იდენტიფიცირებული პრობლემების სრულად მოგვარებას ვერ ახერხებენ და რა პრინციპით შეარჩიეს 25 პრობლემა/საჭიროება გადასაწყვეტად?

– ძირითადი მიზეზია ის, რომ მუნიციპალიტეტებს არ ჰყოფნით ფინანსური რესურსები, მთავრობას კი არ სურს, რომ მათ დამატებითი თანხები გაუჩნდეს. მაგალითისთვის, 10-12 მილიონი ლარის მქონე ბიუჯეტით, ქედას ნამდვილად ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა პრობლემა გადაწყვიტოს. მას ამის რესურსი ფიზიკურად და ფინანსურად არ აქვთ.

მაგალითად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში სპორტული მოედნის მოწყობა სურდათ და ეს იქნებოდა უნიკალური, რადგან ჭვანას ხეობაში არსებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მოემსახურებოდა. პროექტი იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში საამისოდ თანხა არ ეყო, აჭარის ავტონომიურმა რეპუბლიკამ კი უარი თქვა ამ პროექტის განხორციელებაზე. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მათი ყურადღება ახლა, ძირითადად, ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გადატანილი, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან ვიცით, თუ რამდენ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს ბათუმი ყოველწლიურად, თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ვერ მოემსახურება რეგიონის მოსახლეობას სრულად; ამიტომ საჭირო და აუცილებელია, რომ ეს რესურსი გადანაწილდეს მუნიციპალიტეტებზეც. 150 ათასი ლარი არ არის ის თანხა, რომლის გამოყოფაც შუახევის მუნიციპალიტეტისთვის აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გაუჭირდებოდა. მაშინ, როდესაც შუახევის მუნიციპალტეტმა, ჩვენი ადვოკატირებით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომზადებულიყო საპროექტო წინადადება, გეოლოგიური დასკვნა და ასე შემდეგ. დიდი სამუშაო იქნა გაწეული და სპორტული მოედნის პროექტი უკვე მზად არის, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს მაინც მოგვარდება ეს პრობლემა.

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე შეარჩიეს მუნიციპალიტეტებმა 52-დან 25 პრობლემა/საჭიროება, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს ეხება ფინანსურ რესურსებს და ალბათ, გარკვეულწილად, ვადებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ყველა პროექტი არ არის ისეთი მცირე მოცულობის, რომ 1 წელში დაასრულო. ამიტომ მე უფრო ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტება გადაწყვიტეს იმით, თუ რისი რესურსი გააჩნდათ და რისი – არა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ინდეტიფიცირებული პრობლემების ნაწილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სოფლის კრებებზე გამვლენილ პრობლემებს შორის მოხვდა და ამიტომაც, რაოდენობრივად თუ მივუდგებით, აჭარაში სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი ყველაზე მეტი პრობლემა გადაწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამოქალაქო საბჭოები ძალიან კარგად მუშაობენ და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ეს არის სრულად ენთუზიაზმზე დამყარებული მუშაობა.

– რა სახის პრობლემებს წააწყდით პროექტის მიმდინარეობისას და როგორ მიმდინარეობდა ადვოკატირების პროცესი მუნიციპალიტეტებთან?

– ჩვენ დასაწყისშივე გვქონდა მოლოდინი, რომ რეგიონში, სადაც 350 000 მოქალაქე და დაახლოებით, 350-მდე სოფელია, სამოქალაქო საბჭოს წევრების გამოვლენა მარტივი არ იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ჩვენ მთელ რეგიონს ვერ დავფარავდით, რადგან ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, უზარმაზარი დასახლებები და ძალიან ბევრი პრობლემა. თუ ჩვენ არ გვყავს შესაბამისი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ საკუთარი დრო გამოყოს იმისთვის, რომ ჰკითხოს თანასოფლელებს, თუ რა აწუხებთ, თუ ის დაინტერესებული არ არის, რომ საკრებულოს სხდომას დაესწროს, განცხადება დაწეროს და ჩვენთან იყოს კონტაქტზე, ბუნებრივია, ასეთ დროს საბჭოები ვერ მუშაობენ. საბედნიეროდ ვიპოვნეთ, დაახლოებით, 12 ადამიანი აჭარაში, რომლებიც დაინტერესდნენ სამოქალაქო საბჭოებით. ეს იყო პირველი ნაბიჯი. სადაც გარკვეული პრობლემები იყო, ეს პრობლემები გადაილახა და ისინი გახდნენ ჩვენი საბჭოს წევრები.

თუმცა, ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც მუნიციპალიტეტების რესურსების სიმწირეა და აჭარის მთავრობიდან არასაკმარისი პოლიტიკური ნება, რომ ჩაერთონ ამ პრობლემების მოგვარებაში. როდესაც არ შეუძლია მუნიციპალიტეტეს, რომ ყველა პრობლემა მოაგვაროს, მაშინ აჭარის მთავრობას აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული დამატებითი რესურსი გადასცეს მათ და ალბათ, მეტი პასუხისმგებლობა მართებს აჭარის მთავრობას, როცა ასე გამოვლენილ პრობლემებსა და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობაზეა საუბარი.

– როგორ შეაფასებდით თვითმმართველობების თანამშრომლობის სურვილს “სამოქალაქო საბჭოებთან”?

– ქედასა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიებიდან საკმაოდ მაღალია თანამშრომლობის სურვილი. ვერ ვიტყვი, რომ ბათუმი ამ მხრივ რამით ჩამორჩებოდა. რაც შეეხება ხულოს, ვფიქრობ, რომ 2019 წლის რიგგარეშე არჩევნებმა გამოიწვია ის, რომ ხულოში არც თუ ისე მისასალმებელი შედეგები გვაქვს. თუმცა, მგონია, რომ 2020 წლიდან ეს ყველაფერი დასტაბილურდება.

ჩვენ ვატარებთ ძალიან ბევრ ტრენინგს იმისთვის, რომ აქ დასაქმებულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენი ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მხოლოდ მონიტორინგზე კი არა, არამედ საჯარო მმართველობის ხარისხზეც არის ორიენტირებული.

– გაქვთ თუ არა რაიმე სახის შენიშვნა მუნიციპალიტეტებთან და თვლით თუ არა, რომ მათ მეტის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს?

– ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტები ყველა საკითხის გადაჭრისას მოისმენენ მოსახლეობის აზრს და რაც შეიძლება ხშირად გამართავენ შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს. ხშირად უნდა მიიწვიონ ის ადამიანები, რომლებიც მათ შეხედულებებს არ ეთანხმებიან და განსახვავებული შეხედულება აქვთ, რადგან ყველაზე მთავარია, რომ განსხვავებული აზრების მოსმენით მივიდეთ გარკვეულ კონსესუსამდე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურლ საჭიროებებსა და პრობლემებს, ვქთვი და კიდევ გავიმეორებ, რომ თვითმმართველობებს ყველა ამ პრობლმების გადაწყვეტის რესურსი არ აქვთ, თუმცა, პრიორიტეტების გამოკვეთაში მათ სწორედ მოსახლეობა ეხმარება და ამ მხრივ ჩვენ ძალიან კარგი მოდელი შეიძლება მივიღოთ, თუ თავად მოსახლეობა უკარნახებს თვითმმართველობას, რა პრობლემა შეიძლება გდაიჭრას მომავალ წელს. ეს იწვევს ორმხრივ კმაყოფილებას და შეგრძნებას, რომ თვითმმართველობა ნამდვილად არის ხალხთან ახლოს.

ანუ ყველა საკითხის გადაჭრამდე აუცილებელია მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა და სხვადასხვა ფორმით დაინტერესება, ანგარიშის ჩაბარება. აუცილებელი არ არის, ველოდოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომ სოფლის საერთო კრება ჩავატაროთ, შეიძლება, მუნიციპალიტეტმა 3-4-ჯერაც მოიწვიოს სოფლის კრება, რომ იცოდეს, რა აწუხებს მოსახლეობას და რომელი პრობლემის გადაჭრა სურს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ე.წ თემის რწმუნებულებმა მაქსიმალურად მოინდომონ და გამოკვეთილი პრობლემების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდონ თვითმმართველობებს. აუცილებელია, რომ ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები იყვნენ და აკეთონ სახელმწიფოსა და მოსახლეობის საქმე და არა – კონკრეტულად რომელიმე პარტიის საქმე. ეს გააფუჭებს თვითმმართველობის აღქმას მოსახლეობაში და, თუ ვინმეს ხელისუფლებისგან საწინააღმდეგო აზრი ექნება, ის აღარ მიმართავს თემის რწმუნებულს იმის შიშით, რომ, ან მის მიერ დასმული საკითხი ვერ გადაწყდება, ან დაუკავშირებენ ამას პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპატიას. ამიტომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური მიუკერძოებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მეტი თანამშრომლობა და მეტი ინიციატივების გამოჩენა. უამრავი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც მზადაა, თვითმმართველობებს დაეხმაროს.