სამგორის რაიონში, მესამე მასივში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა.
“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარეგანათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედანი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება”, – ამბობენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, ამაბაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული მოედანი ეწყობა.
“N1 კორპუსის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპორტულ მოედანთან მოეწყობა სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ამასთან, უკვე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარეგანათების სისტემა.
ასევე, სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანთან მოეწყო ტრიბუნაც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 676 ლარია და მას სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს “პარმა“ ახორციელებს.
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს 16 სპორტული მოედანი და 36 ფიტნეს ზონა მოეწყო. ამჟამად კი შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, – განმარტავენ გამგეობაში.