მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, შესაძლოა, ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდეს

1908

დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძის განმარტებით, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფის მიერ მერიისთვის ჯამში, 120 მარშრუტზე მეტია შეთავაზებული, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვეთება.

მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც, შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე. საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად და ძველ თბილისში.

“კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც 4 თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება.

რაც შეეხება დანარჩენ საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს. თუმცა იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიეროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე, ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე, სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად.

გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში.

ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას, დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.