კანონიდან იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც გარკვეულ ადგილებში მშენებლობას კრძალავს

498

კანონიდან იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც დედაქალაქისა და სხვა მუნიციპალიტეტების გარკვეულ ადგილებში შენობა-ნაგებობების მშენებლობას კრძალავს.

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით: ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბსა და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელია შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან სწორედ აღიშნული ჩანაწერის ამოღებაა გათვალისწინებული.

ავტორები განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება პრაქტიკულად ტექნიკური ხასიათისაა, რადგან ეს ღონისძიება ისედაც ტარდება და უნდა გატარდეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ. ასეთი ჩანაწერით კი, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას, მაგალითად, ლეგიტიმურად განთავსებულ დროებით ნაგებობებს.

„ცვლილების შედეგად, გარკვეულ ადგილებში შესაძლებელია დაშვებულ იქნას შენობა-ნაგებობების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, გაიზრდება ასეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი პირების რაოდენობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად აღებას მოისურვებენ, მათ მოუწევთ დადგენილი საფასურის გადახდა, რაც გავლენას მოახდენს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი ქალაქის გენერალური გეგმით განისაზღვრება.