“ჩვენი უბედურება ის არის, რომ დღესაც ილუზიაში ვართ, თითქოს, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოში არის 3 500 დასახლება და დღესაც ილუზიაში ვართ, რომ ამ 3 500 დასახლების პრობლემის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, ვიდრე ადგილობრივების მხრიდან. ჩვენი უბედურება არის ის ილუზია, რაშიც ვიმყოფებით, რომ სამინისტრო უკეთ შეძლებს ფოთში საქმის გაკეთებას, ვიდრე თავად ფოთელები შეძლებენ; მათ ჰგონიათ, რომ მინისტრებმა, აქ მყოფმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც იმ ქალაქებში არც კი ჩადიან, უკეთ იციან ადგილობრივი პრობლემები, ვიდრე ადგილობრივმა ადამიანებმა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ლობირებდა თუ არა 2013 წელს თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ისინი თვითმმართველობის კოდექსთან ვერც კი მივიდოდნენ.
„კოდექსთან მიმართებით ხელისუფლებაში დიდი წინააღმდეგობა იყო. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მაშინ კოდექსთან ვერც კი მივიდოდით. ამას პირდაპირ ვამბობ. კოდექსს მხარს უჭერდა ივანიშვილი, უსუფაშვილი და სხვა პოლიტიკოსები. ამის წინააღმდეგი იყო მთელი ძალოვანი სისტემა და ეკონომიკური ბლოკი. ჩვენი ეკონომისტებისა და ფინანსისტების 90 პროცენტი საშინელი ცენტრალისტები არიან, ხოლო ძალოვნებს ეს საკითხი ასე ჰქონდათ დაყენებული, რომ როგორ შეიძლება, მერი არჩევითი იყოს“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ეს ადამიანები ეკლესიამ გამოიყენა თავისი იდეის გასატანად თუ პირიქით, ხელისუფლების ამ წარმომადგენლებმა გამოიყენეს ეკლესია, ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად ამ მომენტში გამოიყენეს ეკლესიის ავტორიტეტი, რათა თავიანთი ბერკეტები შეენარჩუნებინათ.