5,7 მილიონი საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად – ფოთში ტენდერი გამოცხადდა

1334

წინა სტატია

ფოთის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, წინადადებების მიღება 27 ნოემბრიდან დაიწყება და 2 დეკემბერს, 15:00 საათზე დამთავრდება.

პროექტის მიხედვით, ფოთში უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. არენის რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო და პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდა, ფეხბურთის ფედერაციამ ბუნებრივსაფარიანი მოედანი დააგო, ასევე აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთ ტრიბუნა, რომელიც გადაიხურა. შედეგად, ფოთის „კოლხეთი 1913“ მშობლიურ არენას შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

უეფა-ს მე-3 კატეგორიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აშენდება სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც 2740 მაყურებელზე იქნება გათვლილი. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. მოეწყობა ტელეკომენტატორების ოთახები და პარკინგების ადგილები, სამხრეთ ტრიბუნაზე განთავსდება თანამედროვე ლედ-ტაბლო. ასევე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა, რომელიც ასევე უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით და გასახდელებით.

პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 5,7 მილიონი ლარი იქნება, შესყიდვა კი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ფოთის არენა უეფას მე-3 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლებას მიიღებს.