“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გორის მუნიციპალიტეტის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ვასილისა ჯაბახიძემ ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 10 თვის სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის, ასევე გაცემული ჯილდოების და განახლებული ავტოპარკის ხარჯები წარუდგინა.
საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩამოთვლილმა ხარჯებმა 253 289 ლარი შეადგინა.
„გორის უსაქმურმა მერმა კოტე თავზარაშვილმა 10 თვეში დახარჯა 253 289 ლარი. კერძოდ, მან ჯილდოების სახით ამ 10 თვეში 80 000 ლარი გასცა, აქედან საკრებულოს თანამშრომლებზე მხოლოდ 5 000 ლარი გაიცა, დანარჩენი 75 000 ლარი მერიის თანამშრომლებზე. რატომ გაიცა ეს ჯილდოები ამაზე პასუხი არავის აქვს. რაც შეეხება რესტორნებს, თავზარაშვილმა 10 თვის განმავლობაში დაახლოებით 40 000 ლარი დახარჯა,“- აცხადებს ჯაბახიძე.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა განახლებულ ავტოპარკზეც ისაუბრა.
„გორის მუნიციპალიტეტის მერმა გადაწყვიტა, რომ კომფორტი უფრო მდიდრულად შეიქმნას და 2019 წელს საკრებულოში ინიციატივით შემოვიდა ახალი მანქანების შესაძენად. 4 მანქანა უკვე შეიძინეს. ახლა დაამატეს მე-5 ავტომობილიც, რისთვისაც საერთო ჯამში 150 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. რაც შეეხება საწვავს, ყოველწლიურად საკრებულო საწვავის ლიმიტს 6 100 ლიტრს ამტკიცებს, ეს რომ ლარებში გადავიყვანოთ არის 15 250 ლარი,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ვასილისა ჯაბახიძემ საგამოძიებო უწყებებსაც მიმართა და გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრივობის გამოძიება მოსთხოვა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ კოტე თავზარაშვილი რეგიონის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის ტყვეა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ იმით თუ რაში ხარჯავს გორის მუნიციპალიტეტის მერი გორელების ფულს და ამას ემატება ისიც, რომ კოტე თავზარაშვილი დაკავებულია იმით რომ ნეპოტიზმი დაამყაროს მუნიციპალიტეტში. თავზარაშვილი იმყოფება გიორგი ხოჯევანიშვილის ტყვეობაში. გორის მერი ცდილობს ასიამოვნოს გუბერნატორს და არა გორელებს,“- განმარტავს საკრებულოს წევრი.
Qartli.ge გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა იმ ბრალდებებზე საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტმა გააჟღერა. პრეს-სამსახურის თქმით, ჯაბახიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას.
,,ვასილისა ჯაბახიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, კერძოდ ის საუბრობს, რომ თითქოს მერიას 23 ავტომანქანა ჰყავდა და 5 ავტომანქანის შეძენა კიდევ გადაწყვიტა. ეს არაა სიმართლე. ავტოპარკში არსებული ავტომანქანების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და შესაბამისად გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეალურად ავტოპარკში ირიცხება 10 ავტომანქანა და მიმდინარე წელს მოხდა ამორტიზებული ავტომანქანების ახლით ჩანაცვლება, რაც თავის მხრივ ექსპლუატაციის ხარჯებსაც შეამცირებს.
ქალბატონი ვასილისას განცხადებით, მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები არაა დაკონკრეტებული და თითქოს არაა განმარტებული, ვის უმასპინძლა მერიამ. ეს სიცრუეა და ყველა ხარჯის მიზნობრიობა დასაბუთებულია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაითხოვოს საჯარო ინფორმაცია და მერიიდან ამ ხარჯების შესახებ რეალური ინფორმაცია მიიღოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წელს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ახორციელებს 300 -ზე მეტ პროექტს, შესაბამისად კარგი იქნება თუ ქალბატონი ვასილისა ჯაბახიძე გაეცნობა ამ პროექტებს და მას შემდეგ ისაუბრებს ხარჯებზე. 2019 წელს მოგვარდა არაერთი პრობლემა როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში და ამ ყველაფერს მოსახლეობა კარგად ხედავს. დაიგო და მოეწყო ათეულობით კილომეტრი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 საჯარო სკოლას, აშენდა ერთი ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 ამბულატორიას, მოეწყო ჭაბურღილები და ათეულობით სოფელში მოიხსნა სასმელი წყლის პრობლემა, ამის გარდა გაკეთდა სკვერები, მოედნები, მოეწყო ტრენაჟორები… ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. გორის მერიის მიერ, გარდა ინფრასტუქტურისა არაერთი პროექტი განხორციელდა სოციალური და ჯანდაცვის, ასევე კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით. ასეულობით ადამიანმა მიიღო მერიის მომსახურება და დაფინანსება. შესაბამისად ამ ყველაფრის გარკვევას თუ შეეცდება ქალბატონი ვასილისა, მიხვდება, რომ ის ხარჯი, რომელიც მერიამ გაწია, მინიმალურია. კარგი იქნება ასევე მოიკითხოს იმ მივლინებების შედეგად დამეგობრებული ქვეყნებიდან მიღებული სარგებელი – გაცვლითი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, გრანტები და ა. შ.”- აცხადებენ მერიაში.