საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ინდიგო“ (IndiGo – InterGlobe Aviation Limited) შემოდის.
დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.
“2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში შვიდი სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება”, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ ყოფილა.